ალის, შუა საუკუნეების ქართულ ისტორიულ ქალაქს, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ახლოაღმოსავლურ-კავკასიურ-ქართულ სავაჭრო სისტემაში და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აყვავებულ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს წარმოადგენდა. ისტორიულ მემკვიდრეობად გადაქცეულ ამ ქალაქზე დღეს ბევრს არ სმენია, მაგრამ თავის დროზე ის როგორც ქართულ, ისე უცხოურ ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული, ასევე XVI-XVIII საუკუნეების ევროპულ რუკებზეც კი გვხვდება.
ანტიკურ ხანაში, ქალაქისა თუ ციხესიმაგრის ასაგებად ისეთ ადგილს არჩევდნენ, რომელიც ომის შემთხვევაში საიმედო თავშესაფარიც იქნებოდა, წყალზე წვდომაც ექნებოდა და საკვებითაც ადვილად მოამარაგებდნენ. ქალაქები ხშირად ჩნდებოდა სავაჭრო გზების მახლობლადაც, ვინაიდან ძველად მოგზაურებსა და ვაჭრებს ვრცელი, ხშირად ჯერაც ველური, გარეული ნადირისა თუ ყაჩაღებისგან დაუცველ მხარეებში უწევდათ გადაადგილება და ყოველ ღამეს ისინი თავშესაფარს მახლობელ, გამაგრებულ პუნქტებში ეძებდნენ. დროთა განმავლობაში ასეთი დასახლება მდიდრდებოდა, ვითარდებოდა და მოზრდილ ქალაქად, სავაჭრო აღებმიცემობის პუნქტად იქცეოდა. მაგრამ, როგორც კი, დამანგრეველი ომების თუ სხვა მიზეზების გამო, სავაჭრო გზა სხვა მიმართულებაზე გადაინაცვლებდა, უწინ აყვავებული ქალაქები სუსტდებოდა, მცირდებოდა და ზოგჯერ საერთოდ ქრებოდა. ასეთი ბედი ეწია ერთ დროს უდიდეს და უმდიდრეს ქალაქ ანისს – შუა საუკუნეების ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმსხვილეს პოლიტიკურ და სავაჭრო ცენტრს, ერთ დროს სომხეთის სამეფოს დედაქალაქს, რომელიც, გარკვეული პერიოდით, საქართველოს ერთიანი სამეფოს ნაწილიც იყო; მაგრამ, XIII-XIV საუკუნეებში მონღოლთა თავდასხმამ, მიწისძვრამ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, სავაჭრო გზების გადანაცვლებამ, ის უმნიშვნელო დასახლებად აქცია, XVII საუკუნისთვის კი საერთოდ გააქრო პოლიტიკური რუკიდან.
კავკასიაზე აღმოსავლური სავაჭრო გზები, ირიბად თუ პირდაპირ, ყოველთვის გადიოდა. ერთი მხრივ, ანატოლიისა თუ შავი ზღვის მიმართულებით, მეორე მხრივ – ჩრდილოეთ კავკასიისკენ, უღელტეხილების გავლით. საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო პუნქტი თბილისი იყო, რომელიც, აქ არაბთა საამიროს პერიოდიდან, დიდ აღმოსავლურ კულტურულ ცენტრსაც წარმოადგენდა.
XII-XIII საუკუნეებში საქართველოს სამეფოს საზღვრებში იყო მოქცეული აბრეშუმის გზის ჩრდილოეთ განშტოების, ბარდავი – დვინი – ანისი – ყარსი – არზრუმი – ტრაპიზონის მონაკვეთი, მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერია, რომლის მეშვეობით მჭიდრო სავაჭრო კავშირები მყარდებოდა სპარსეთთან, არაბეთთან, რუსულ სამთავროებთან, ბიზანტიის იმპერიასთან, ეგვიპტესთან და აღმოსავლეთის შორეულ ქვეყნებთან. საქართველოდან გადიოდა სხვადასხვა პროდუქტი: ღვინო, თაფლი, კაკალი, ბამბა, აბრეშუმი, ცხენები; ხელოსნური ნაწარმი, მათ შორის: კერამიკა, ხალიჩები, იარაღი. სანაცვლოდ კი შემოდიოდა ჩინური და ბიზანტიური ქსოვილები, მაღალი ხარისხის ეგვიპტური მატყლი, მდიდრული სამოსი, შაქარი, ნელსაცხებლები, ცხენის აღკაზმულობა, ძვირფასი ქვები, საღებავი მასალები.
სავაჭრო ცხოვრების განვითარებასთან ერთად, საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე, ასევე დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი უღელტეხილებისკენ მიმავალ გზებზე, შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი სავაჭრო დასახლებები გაჩნდა. აქ მოგზაურებსა და ვაჭრებს დასვენება, სურსათისა და წყლის მარაგის შევსება, ადგილობრივ თუ ჩამოსულ ვაჭრებთან ვაჭრობა შეეძლოთ.
საქართველოს სამეფოს ძლიერებისა და სიმდიდრის ხანაში ასეთი მცირე დასახლებები ქალაქებად ჩამოყალიბდა, შესაბამისად კი გაიზარდა ქალაქად მცხოვრებთა ხვედრითი წილიც. ახლად დაწინაურებულ ქალაქებს შორის იყო ქალაქი ალიც. ის მდებარეობდა დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის მახლობლად, მდინარე ჭერთახევის ანუ ალისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აქ აღმოჩენილია ალის ნაქალაქარი, ნაციხარი და რამდენიმე ეკლესია.
ქალაქი ალი საკვანძო პუნქტად იქცა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის საკომუნიკაციო და სავაჭრო არტერიაზე. გაერთიანებული სამეფოს პირობებში, ქალაქების გაზრდილი მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად, რეგიონებიდან დიდი რაოდენობით პროდუქტის მიწოდება გახდა საჭირო. ამან საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი კუთხეები ერთმანეთს უფრო მჭიდროდ დაუკავშირა.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში სურსათის, განსაკუთრებით კი პურის ნაკლებობაზე ჯერ კიდევ გვიანანტიკური ხანის ავტორი, პროკოპი კესარიელი დეტალურად წერდა. იგივე პრობლემები იკითხება გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის მოგზაურთა ჩანაწერებშიც. ამერიკის კონტინენტიდან სიმინდის მასიურ შემოსვლამდე და ევრაზიაში კულტივირებამდე, აქ აქტიურად იყენებდნენ მცენარე ღომის მარცვალს, რომელიც, მემატიანეთა თუ მოგზაურთა გადმოცემით, საკმაოდ მცირე რაოდენობით იყო, თანაც პურზე ნაკლები საკვები ღირებულება ჰქონდა. დასავლეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო შავი ზღვის ქალაქებთან ვაჭრობა, მათ შორის, ტრაპიზონთან და ყირიმის ნახევარკუნძულის დასახლებებთან. პროკოპი კესარიელის ცნობით, სწორედ ტრაპიზონიდან შემოჰქონდათ ბიზანტიელებს ეგრისში პური და ღვინო. მას შემდეგ, რაც ქართული სამეფოები ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანდა XI საუკუნის დასაწყისში, ვაჭრობა და სხვადასხვა პროდუქტის თანაბრად გადანაწილება შესაძლებელი გახდა. შუა საუკუნეებში, საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებიდან, დასავლეთ საქართველოში დიდი რაოდენობით ხორბალი შეჰქონდათ, ხოლო დასავლეთ საქართველოში არსებული ჭარბი პროდუქცია ქვეყნის სხვა კუთხეებში იყიდებოდა.
შუა საუკუნეებში სავაჭრო ქალაქების უმეტესობა ციხესიმაგრეებით იყო დაცული, რადგან ხშირად ხდებოდა მტრის თავდასხმის ობიექტი. ამ მხრივ, არც ალი იყო გამონაკლისი. მისი მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, აშენდა სიმაგრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფუნქციონირებდა.
აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი თუ იქიდან მომავალი სავაჭრო ქარავნები ქალაქ ალიზე გაივლიდა. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური შარდენი მას იმერეთსა და ქართლს შორის კარიბჭეს უწოდებს. ბუნებრივია, აქ აქტიურად მიმდინარეობდა პროდუქციის ყიდვაგაყიდვა და გადაცვლა. ქართველების და ადგილობრივი სომხებისა თუ ებრაელების გარდა, ამ სავაჭრო არტერიას უცხო ქვეყნებიდან შემოსული ვაჭრებიც გამოიყენებდნენ. შუა საუკუნეების საქართველოს და ზოგადად რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში ალის მნიშვნელობაზე მიგვითითებს აქ აღმოჩენილი განძეული, რომლის შესწავლის შედეგად ჩანს, რომ აქ ვაჭრობდნენ XIV საუკუნის ოქროს ურდოს ჯუჩიდებით, იმავე პერიოდის, ჯალაირიანთა სასულთნოს ჯალაირიდებით, ტრაპიზონული და ბიზანტიური ფულით, უცხოური მონეტების ქართული მინაბაძებით. XII საუკუნიდან XV საუკუნის შუა ხანებამდე პერიოდი უდავოდ იყო საქართველოს ამ ერთ-ერთი გამორჩეული სავაჭრო ქალაქის აღმავლობის ხანა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში, მართალია, საქართველომ დაკარგა კონტროლი სამხრეთის სავაჭრო გზებზე, მაგრამ XIII-XIV საუკუნეებში კვლავ ჩართული იყო საერთაშორისო ვაჭრობაში სპარსეთის ქალაქებთან, ტრაპიზონთან, გენუელთა შავიზღვისპირეთის კოლონიებთან. საზღვაო გზებით გადიოდა საქართველოდან შირვანული აბრეშუმი. სწორედ ამ პერიოდის შირვანული მონეტები ქალაქ ალიშიც არის ნაპოვნი, რაც საერთაშორისო ვაჭრობაში ამ ქალაქის მონაწილეობაზეც უნდა მიუთითებდეს.
თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ, შავბატკნიანთა და თეთრბატკნიანებთან ომის, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს სამეფო-სამთავროებად დაშლის, ბოლოს კი ორ იმპერიას – ოსმალეთსა და ირანს შორის საქართველოს გავლენის სფეროებად გადანაწილების შედეგად, ალი შედარებით მცირდება და როგორც სხვა ქართული ქალაქები, დეკადანსს განიცდის, მაგრამ არსებობას აგრძელებს. გარკვეული პერიოდი, XVI საუკუნეში, ამ ქალაქს, ისევე როგორც არადეთსა და სურამს, იმერეთის მეფე ბაგრატ III აკონტროლებდა, რომელმაც ეს მიწები ქართლის მეფე ლუარსაბ I-გან მიიღო. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ალი ქართლის მეფე სიმონ I-ის დროებითი რეზიდენცია იყო.
XVII საუკუნეში ფრანგმა მოგზაურმა, ჟან შარდენმა, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ გზაზე მოგზაურობისას, ჩანაწერი გააკეთა ქალაქ ალიზე: „შუადღისას ჩამოვედით ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ალი ეწოდება. იგი მთებშია გაშენებული, გორიდან ცხრა ლიეს დაშორებით“. შარდენისვე ცნობით, ქართლში სულ ოთხი ქალაქი იყო – თბილისი, გორი, სურამი და ალი; თუმცა მათგან გორი და სურამი მცირე ქალაქები გახლდათ, ალი კი სოფელს უფრო ჰგავდა. ამ ცნობიდან, ერთი შეხედვით, ჩანს, როგორ დაკნინდა ერთ დროს მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური ცენტრი, მაგრამ, მეორე მხრივ, მართალია, ამ დროის საშუალო ევროპულ თუ უზარმაზარი იმპერიების, ირანისა და ოსმალეთის ქალაქებს მასშტაბებით ვერ შეედრებოდა, მაგრამ ქართული სამეფო-სამთავროების მაშინდელი მდგომარეობისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ის მაინც ქალაქად ითვლებოდა.
1723 წელს ალიში რამდენიმე თვით გაჩერებულა ქართლის მეფე ვახტანგ VI, რომელიც გეგმავდა დასავლეთ საქართველოში გადასვლას, შემდეგ კი რუსეთში გამგზავრებას. ალის მცირე ქალაქად მოიხსენიებს ამავე ეპოქის ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილიც „ბრილის-წყლის შესართავს ზეით არს ალის-წყალზედ, დასავლით კიდესა ზედა, ალი, ქალაქი მცირე… გაზაფხულ-შემოდგომას ჭყვაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულს ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული“. XVIII საუკუნის ოსმალური ისტორიული საბუთის, თბილისის ვილაიეთის დავთრის მიხედვით, სოფელ ალიში 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა. სავაჭრო, საგზაო ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი – დუქნები, ამ ოსმალური წყაროს მიხედვით, აქ 61 იყო, რაც მცირე მასშტაბის დასახლებისთვის დიდი რიცხვია და მიუთითებს ქალაქის სავაჭრო მნიშვნელობაზე.
ქართლის სხვა მნიშვნელოვან ქალაქებთან, თბილისთან და გორთან ერთად, ალი ხშირად გვხვდება XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ რუკებზე, მათ შორის, ნიდერლანდელი კარტოგრაფის, პიტერ ვან დერ აას ატლასში 1713 წელს გამოქვეყნებულ რუკაზე „თურქეთი აზიაში“; ანრი ჩატელანის 1719 წლის „თურქეთის, არაბეთისა და სპარსეთის რუკაზე“, გიიომ დელილის 1723 წლის რუკაზე „კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნები“ და მისივე „სპარსეთის რუკაზე“ (1785); 1736 წელს ჰ. მოლის ავტორობით გამოცემულ რუკაზე, რომელზეც ოსმალეთის იმპერია და მისი მოხარკე ქვეყნებია გამოსახული. მართალია, ევროპელი კარტოგრაფები იშვიათად ასახავდნენ სწორად თანადროულ ვითარებას და ვერც გეოგრაფიული ობიექტების ზუსტ მდებარეობას განსაზღვრავდნენ, მაგრამ მათ მეტ-ნაკლები წარმოდგენა ჰქონდათ კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს გეოგრაფიაზე, ეყრდნობოდნენ თავისი ეპოქისა თუ გასული საუკუნეების მოგზაურებისა და კარტოგრაფების ცნობებს და ისე ავსებდნენ თავიანთ რუკებს. საქართველოს გეოგრაფიის ევროპულ ცოდნაზე აშკარად მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ჟან შარდენის წიგნმა „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (1686 წ.), რომელიც ყველაზე დეტალური და სრულია, ვინაიდან აღწერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს და შედარების საშუალებასაც იძლევა. შარდენივე ასახელებს ქართლის ძირითად ქალაქებს: თბილისს, გორს, სურამს და ალის, რომლებიც ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ყოველთვის გვხვდება XVII საუკუნის მიწურულისა და XVIII საუკუნის რუკებზე.
ალის, როგორც ქალაქის, ისტორია, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სრულდება. ლეკების თავდასხმებმა მძიმედ დააზარალა უკვე დაქვეითებული და დაკნინებული დასახლება, რომლის მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა, ინფრასტრუქტურა კი მოიშალა. ძველი ქალაქის გაქრობასთან ერთად, ალის სახელი უკვე აღარც XVIII საუკუნის მიწურულისა და XIX საუკუნის ევროპულ რუკებზე გვხვდება.
რუსეთის იმპერიის პერიოდში, ალის ნაქალაქარსა და ნაციხარზე, ადგილობრივები პოულობდნენ ისტორიულ არტეფაქტებს. გაზეთ „დროების“ ცნობით, აღმოჩნდა მონეტების განძი, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება, თუმცა XX საუკუნეში აქ კიდევ ორი, შუასაუკუნოვანი განძი აღმოჩნდა. ნაპოვნი მონეტები, დოკუმენტურ წყაროებთან ერთად, ზუსტად გადმოსცემს ძველი ალის, როგორც ტიპური სავაჭრო ქალაქის, ისტორიას.
ერთ დროს მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი ალი დღეს ნაქალაქარს წარმოადგენს, მის მახლობლად კი იმავე სახელწოდების სოფელია გაშენებული, რომელშიც, 2014 წლის აღწერის მიხედვით, 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს.