Alphabet-ის აქციების ფასის ზრდის ფონზე ლარი პეიჯის ქონებამ $300 მილიარდს გადააჭარბა

Alphabet-ის აქციების ფასის ზრდის ფონზე ლარი პეიჯის ქონებამ $300 მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: The Associated Press

ლარი პეიჯის ქონებამ 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც Alphabet-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. აქციების ღირებულების ზრდა უორენ ბაფეტის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, Berkshire Hathaway-ის მიერ Google-ის მშობელ კომპანიაში მრავალმილიარდიანი ინვესტიციის ინიციატორი თავად იყო.

დღევანდელი სავაჭრო სესიის მიმდინარეობისას Alphabet-ის აქციების ფასი დაახლოებით 3.9%-ით, 373 დოლარამდე გაიზარდა, რითაც სამშაბათს დაწყებული ზრდის ტენდენცია გაგრძელდა.

აქციების გაძვირების შედეგად ლარი პეიჯის ქონება დაახლოებით 8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და, Forbes-ის შეფასებით, 301.7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე დროს, Google-ის კიდევ ერთი თანადამფუძნებლის, სერგეი ბრინის ქონება 7.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 278.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

როგორც აღვნიშნეთ, Alphabet-ის აქციების ფასის ზრდას CNBC-სთან ინტერვიუში ბაფეტის კომენტარმა შეუწყო ხელი. 95 წლის ინვესტორმა განაცხადა, რომ Berkshire Hathaway-ის მიერ Alphabet-ში პირველი ინვესტიციის განხორციელების ინიციატივა თავად ეკუთვნოდა და აღიარა, რომ კომპანიაში ინვესტირება უფრო ადრე უნდა დაეწყო. ამ დაგვიანებას მან „შეცდომაც“ კი უწოდა.

ბაფეტმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად AI-ბაზარზე მზარდი კონკურენციისა, Berkshire Hathaway-ის ინვესტიცია Alphabet-ში წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, ინვესტორის თქმით, Apple-ი მისთვის კვლავ ერთ-ერთ საყვარელ კომპანიად რჩება და მისი „მომავალი ისეთივე ნათელია, როგორიც წარსული იყო“. ბაფეტის კომენტარის შემდეგ Apple-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა.

Berkshire Hathaway-მ Alphabet-ის აქციების შეძენის შესახებ პირველად გასული წლის ნოემბერში განაცხადა, როდესაც 17.8 მილიონზე მეტი აქცია, დაახლოებით 4.3 მილიარდ დოლარად იყიდა. მოგვიანებით საინვესტიციო ჰოლდინგმა ინვესტიცია კიდევ უფრო გაზარდა და დამატებით 40 მილიონამდე აქცია შეიძინა, რის შედეგადაც მისი პორტფელი დაახლოებით 58 მილიონ აქციამდე გაიზარდა.

ამჟამად Berkshire Hathaway-ის წილის ღირებულება დაახლოებით 21 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, გასულ თვეს Alphabet-მა განაცხადა, რომ Berkshire Hathaway 10 მილიარდი დოლარის ახლად გამოშვებულ აქციებსაც შეიძენდა, რაც კომპანიის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაფართოების დაფინანსებას მოხმარდება.

Forbes-ის შეფასებით, უორენ ბაფეტის ქონება 139.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-10 ადგილს ანიჭებს. ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი კი, შესაბამისად, მსოფლიოს მეორე და მესამე უმდიდრესი ადამიანები არიან.

Alphabet-ის აქციები წელს Nasdaq-ის ინდექსზე სწრაფად იზრდება. კომპანიის აქციების წლის დასაწყისიდან თითქმის 18%-ით არის გაძვირებული, მაშინ როდესაც ინდექსი დაახლოებით 12%-ით გაიზარდა.