SpaceX-ის აქციები IPO-ს ფასზე დაბლა პირველად დაეცა

SpaceX-ის აქციები IPO-ს ფასზე დაბლა პირველად დაეცა

ფოტო: Spencer Platt/Getty Images

SpaceX-ის აქციების ღირებულება დღეს პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ფასზე დაბლა პირველად დაეცა. ეს გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ ბოლო პერიოდში ინვესტორები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კომპანიების შეფასების მიმართ უფრო ფრთხილი გახდნენ.

სავაჭრო სესიის მიმდინარეობისას SpaceX-ის აქციების ფასი დაახლოებით 2.1%-ით შემცირდა და IPO-ს 135-დოლარიან ფასს თითქმის 2 დოლარით ჩამოსცდა. მოგვიანებით აქციების ფასი ნაწილობრივ აღდგა, თუმცა კვლავ 135 დოლარზე ქვემოთ ივაჭრებოდა.

კომპანიის აქციები 8 ივნისს ბირჟაზე დებიუტის შემდეგ დაახლოებით 11%-ით არის გაუფასურებული. შეგახსენებთ, მაშინ SpaceX-მა რეკორდული IPO-ს ფარგლებში 85 მილიარდ დოლარზე მეტი მოიზიდა.

Investopedia-ის შეფასებით, აქციების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი AI-სექტორის მიმართ ინვესტორების დამოკიდებულების ცვლილებაა. გამოცემის ცნობით, ბაზარი სულ უფრო ნაკლებად აფასებს მხოლოდ მომავლის მოლოდინებს და მეტ ყურადღებას კომპანიების რეალურ ფინანსურ შედეგებსა და ფუნდამენტურ მაჩვენებლებს უთმობს.

საინვესტიციო კომპანია Miller Tabak-ის ბაზრის მთავარი სტრატეგის, მეთიუ მეილის მიერ Reuters-თან გაკეთებული კომენტარის თანახმად, IPO-ს ფასზე ქვემოთ ვაჭრობა აძლიერებს მოსაზრებას, რომ აქციების ადრინდელი ზრდა უფრო სპეკულაციურ მოლოდინებს ეფუძნებოდა, ვიდრე კომპანიის რეალურ ფინანსურ საფუძვლებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტორების შეშფოთებას ასევე ზრდის SpaceX-ის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კაპიტალური დანახარჯები. 2026 წლის პირველ კვარტალში ამ მიმართულებით კომპანიამ 7.7 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მთლიანი კაპიტალური ინვესტიციების დაახლოებით 75%-ს შეადგენდა.

SpaceX-მა მიმდინარე წლის თებერვალში xAI, რომელიც ასევე ილონ მასკის მიერ არის დაფუძნებული, მთლიანად აქციების გაცვლის გარიგების ფარგლებში შეიძინა.

Forbes-ის შეფასებით, ოთხშაბათის მდგომარეობით ილონ მასკის ქონება 856.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. SpaceX-ის IPO-ს შემდეგ ის ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა, ვინაიდან კომპანიის დაახლოებით 38%-იან წილს ფლობს. თუმცა მასკის ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა იმ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც SpaceX-ის ბირჟაზე გასვლის შემდეგ მისი შეფასება  დაახლოებით 1.45 ტრილიონ დოლარს აღწევდა.