Amazon-ი ისტორიაში პირველი კომპანიაა, რომელმაც $1 ტრილიონის კაპიტალიზაცია დაკარგა

Amazon-ი ისტორიაში პირველი კომპანიაა, რომელმაც $1 ტრილიონის კაპიტალიზაცია დაკარგა

ერთ დროს სილიკონის ველის ვარსკვლავად წოდებულ Amazon-ს მძიმე პერიოდი დაუდგა. ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საფონდო ბირჟაზე 1 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა.

თითქმის ერთ წელში Amazon-ის საბაზრო ღირებულება 1.88 ტრილიონი დოლარიდან 879 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ვარდნის 53%-იანი მაჩვენებელია.

კომპანიის აქციების გაუფასურების პარალელურად, შემცირებულია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებაც. Forbes-ის შეფასებით, ბეზოსის ქონება ამჟამად 110 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა გასულ წელს ის 213 მილიარდ დოლარს აღწევდა.

Amazon-ის კაპიტალიზაციის შემცირება პირდაპირ კავშირშია კვარტალური შედეგების გაუარესებასთან და სამომავლო ზრდის პერსპექტივის შემცირებასთან.

მსოფლიოს მასშტაბით კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, სულ უფრო მეტად მცირდება ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე მოთხოვნა, გარდა ამისა მკვეთრად იზრდება გლობალური რეცესიის განვითარების რისკებიც, რაც Amazon-ის ინვესტორების განწყობაზე უაღრესად ნეგატიურად აისახება.