Forbes: კომპანიები, რომლებმაც ინფლაციის პერიოდში ყველაზე დიდი მოგება მიიღეს

Forbes: კომპანიები, რომლებმაც ინფლაციის პერიოდში ყველაზე დიდი მოგება მიიღეს

როდესაც საქმე ინფლაციას ეხება, ბრალეულობა ბევრ ფაქტორს მიუძღვის, დაწყებული პანდემიის დროს გლობალური მიწოდების ჯაჭვის გარღვევით, დასრულებული მასტიმულირებელი გადასახადების პაკეტით და მათი გავლენით სამომხმარებლო ხარჯებზე.

თუმცა კომპანიებმა, მეტი მოგების სურვილით, წარმოების მზარდ ხარჯებთან შედარებით, ფასები კიდევ უფრო მეტად გაზარდეს. რა თქმა უნდა, თავად ამას უარყოფენ, ეს კი შესაბამისი კვლევის არსებობის მიუხედავადაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. ამასთანავე, მართალია, მზარდი მოგების მარჟაც საეჭვოდ გამოიყურება, თუმცა ეს ვერ იქნება მტკიცებულება იმისა, რომ კომპანიებმა, მათივე შემოსავლების გასაზრდელად, მაღალი ფასებისგან სარგებელი მიიღეს.

Forbes-მა ის ამერიკული კომპანიები გააერთიანა, რომლებიც ინფლაციის პერიოდში ყველაზე მაღალი მოგებით გამოირჩნენ და ამასთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანი, შეისწავლა გზა, რომლითაც მათ აღნიშნულ მაჩვენებლებს მიაღწიეს. იმის შესასწავლად კი, თუ რა თანხას გამოიმუშავებენ კომპანიები თავიანთი პროდუქციის გაყიდვით, გამოცემამ საოპერაციო მარჟის ცვლილებები განიხილა. გამოცემა ფოკუსირდა იმ კომპანიებზე, რომლებიც საყოველთაო მოხმარების პროდუქტებს ყიდიან. შესაბამისად, სიიდან გამოირიცხა ბანკები და სხვა ფინანსური ფირმები და დარჩა ნავთობის, ბუნებრივი აირის, საცალო ვაჭრობისა და ფარმაცევტული სექტორის კომპანიები.

„უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ფინანსების მიმართულების პროფესორის მაი ისკენდერ-დატას განმარტებით, საოპერაციო მარჟა დაფინანსების ხარჯებს გამორიცხავს. „არსებითად, თუ თქვენ გსურთ, კომპანიის მუშაობაზე უფრო ფართო სურათი შეიქმნათ, შესაბამისად უნდა შეისწავლოთ მათი მუშაობა, ფინანსების განხილვის გარეშე. ეს განასხვავებს დაფინანსებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნავს ისკენდერი.

იმ კომპანიების პირველი ხუთეულის ლიდერი, რომლებიც ინფლაციის განმავლობაში მესამე კვარტლის ყველაზე მაღალი გამომუშავებით გამოირჩეოდნენ, ბუნებრივი აირის ფირმა EQT Corp-ია. EQT-ის საოპერაციო მარჟა 12 თვის განმავლობაში (2021 წლის სექტემბრამდე), გასულ წელთან შედარებით, 20.3%-დან 64%-მდე გაიზარდა. 64% კომპანიის წინა ყველა დროის მაქსიმუმზე, რომელიც 2015 წელს დაფიქსირდა, 20 პროცენტული პუნქტით მაღალი მაჩვენებელია.

S&P 500 Index-ის მონაცემებით, EQT-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია. ბუნებრივი აირის ფასები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ გაიზარდა, რაც EQT-ის შემოსავალზეც აისახა. ინვესტორთა პრეზენტაციაზე, კომპანიამ ფულადი სახსრების დაგროვების მიზეზად დასავლეთ ვირჯინიის ჭაბურღილებში ხარჯების შემცირება დაასახელა.

ფარმაცევტული გიგანტის Merck-ის საოპერაციო მარჟა თორმეტი თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. FactSet-ის მონაცემებით, 35%-იანი საოპერაციო მარჟით, Merck-ის შემოსავალი, 2004 წლის შემდგომი მონაცემებივით მაღალია. გასულ წელს კომპანიის მხრიდან კვლევებთან, განვითარებასა და რეკონსტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები დაახლოებით 16%-ით შემცირდა. ხარჯების შემცირება კი ზუსტად ამ პერიოდში საოპერაციო მარჟის 20 პროცენტული პუნქტით ზრდას ემთხვევა.

ასევე ფარმაცევტულმა კომპანია Biogen-მა, რომელმაც სახელი გაფანტული სკლეროზის მკურნალობით გაითქვა, 12 თვის პერიოდში (დასრულებული 2021 წლის სექტემბერში) საოპერაციო მარჟა 3.4%-დან 22.2%-მდე გაზარდა. საინტერესოა, რომ 2021 წლის განმავლობაში Biogen-ის მარჟა კლებულობდა. FactSet-ის მონაცემებით, კომპანია გასულ წელს მხოლოდ მოგებას იღებდა. მიუხედავად არნახული ზრდისა, ფარმაცევტული გიგანტის საოპერაციო მარჟა მაინც პანდემიამდელი მაჩვენებლის ნახევარზე რჩება. ანალიტიკოს მაილს მინტერის განცხადებით, Biogen-ის მზარდი მარჟა ხარჯების შემცირების შედეგია და არა მეტი თანხის გამომუშავების. „ზოგადი კონკურენციიდან გამომდინარე, Biogen-ს ფასების გაზრდა არ შეუძლია“, – დასძენს მინტერი.

ნიუ-იორკში დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანია Hess-ის საოპერაციო მარჟა, 2021 წლის ოქტომბრამდე 12 თვეში, 23%-დან 36%-მდე, კომპანიისთვის რეკორდულად მაღალ მაჩვენებლამდე, გაიზარდა. სხვა ენერგოკომპანიების მსგავსად, ენერგიაზე უკრაინის ომის შედეგად გაზრდილ ფასებს გავლენა Hess-ის შემოსავლებზეც ჰქონდა. ინვესტორებთან პრეზენტაციაში თავად კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებით, წინა წელთან შედარებით კვარტალური მოგების ზრდა „გაყიდვის უფრო მაღალი რეალიზებული ფასებისა და გაყიდვების მოცულობის შედეგი იყო“.

ხუთეულს კი კიდევ ერთი ენერგეტიკული კომპანია Pioneer Natural Resources-ი ასრულებს. Pioneer-ის საოპერაციო მარჟა, 2021 წლის ოქტომბრამდე 12 თვეში, გასულ წელთან შედარებით 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამ პერიოდისთვის 43%-იანი საოპერაციო მარჟით, კომპანიამ ახალი რეკორდი დაამყარა. ამ შემთხვევაშიც, ინვესტორებთან პრეზენტაციისას, Pioneer-ი მიზეზად „მაღალ რეალიზებულ ფასებსა და დაბალ ფულად ხარჯებს ასახელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *