დაიან ჰენდრიკსმა შვილი 17 წლის ასაკში გააჩინა. ის მუშაობდა „პლეიბოის“ ოფიციანტად – „ბანიდ“, იმისთვის, რომ თავი გაეტანა; მან კიბო ორჯერ დაამარცხა და ქმრის ტრაგიკული სიკვდილი გადაიტანა. ჰენდრიკსმა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თავისი ჯამური ქონება სამჯერ გაზარდა და ქვეყნის ყველაზე წარმატებული ბიზნესვუმენიც გახდა. ის ახლა ჩვენი ქვეყნის სკოლებისა და ინფრასტრუქტურის გამოსწორებას გეგმავს მანამდე, სანამ ჩვენ ჩვენებურად „ვუბერავთ“.
უკვე ვიდეოინტერვიუსთვის ჯდებოდა, როდესაც უცებ მიტრიალდა და გამოსაცვლელ გარდერობში შევიდა. ის დაბრუნდა ამერიკისდროშიანი ქინძისთავით, რომელიც ტანზე მომდგარი შავი პიჯაკის საყელოზე ჰქონდა მიბნეული. „მე მიყვარს ეს ქვეყანა. კურთხეული ვარ იმით, რომ ამერიკაში დავიბადე. ჯერ არ შემხვედრია კარი, რომელიც ჩემთვის არ გაღებულა. არასდროს მიფიქრია, რომ ქალი ვარ და ვერ შევძლებდი იმას, რისი გაკეთებაც შევძელი“, – ამბობს ჰენდრიკსი.
ჰენდრიკსის პატრიოტიზმი სამხრეთ ვისკონსინში მდებარე, მისი 9500-კვადრატულფუტიანი სახლის ყველა კუთხიდან გამოსჭვივის. მის ოფისში ნახავთ რონალდ რეიგანის სტატუეტსა და დონალტ ტრამპთან გადაღებულ ფოტოს, რომელთა გვერდითაც ისეთი წიგნები აწყვია, როგორიცაა „MAGA-ის დოქტრინა“, „იმედის მიწა“ და „თამაშში დაბრუნება“. ქვედა სართულზე შეამჩნევთ მაღალი ხარისხის დანომრილ რეპროდუქციას, რომელიც იდენტურია იმისა, რაც ტრამპის თეთრ სახლში იყო ჩამოკიდებული. ნახატი ასახავს ათ რესპუბლიკელ პრეზიდენტს, რომლებიც გამოგონილ შეკრებაზე იმყოფებიან (დუაიტ ეიზენჰაუერი სკოჩს აგემოვნებს; ალკოჰოლის უარმყოფელ ტრამპს კი დიეტური კოლა უდევს წინ). ეზოში აღმართულია რეალისტური ზომის ბრინჯაოს ქანდაკება, სახელწოდებით „ინდიელი ველიდან“, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს „ბუდვაიზერ კლაიდესდეილის“ პენსიაზე გასულ სამ ცხენს.
„ვასრულებთ ამერიკულ ოცნებას 1982 წლიდან“ – ასეთია ჰენდრიკსის ვისკონსინის ქალაქ ბელოიტში ბაზირებული სახურავების დისტრიბუტორი კომპანიის, ABC Supply-ის სლოგანი. ამ კომპანიის შვიდი მთავარი გაცხადებული ღირებულებიდან ერთ-ერთი „ამერიკული ღირსებაა“. ABC Supply-ის ყველა მენეჯერს აჩვენებენ ვიდეოს, რომლის საუნდტრეკიც ქანთრის მომღერლის, ლი გრინვუდის სიმღერა „ღმერთმა დალოცოს ამერიკაა“. თავად მომღერალი კომპანიის ლაივ-ღონისძიებებზე ხშირად გამოდის ხოლმე.
ჰენდრიკსს ამერიკული ოცნების იმიტომ სჯერა, რომ ეს მისი ცხოვრების ისტორიაა. ერთ დროს ტინეიჯერმა დედამ, რომელიც თავის გასატანად ოფიციანტად მუშაობდა, 1982 წელს ABC Supply თავის ქმართან, კენთან ერთად დააარსა. ეს კომპანია დღეს სახურავების, კუთხეებისა და ფანჯრების ყველაზე დიდი საბითუმო დისტრიბუტორია ამერიკაში. კენი 2007 წელს გარდაიცვალა. მაგრამ ჰენდრიკსმა განაგრძო სწრაფი გაფართოება, შეისყიდა კონკურენტების ბიზნესები და კომპანიის მაღაზიები 900-მდე გაზარდა. 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა რეკორდულ რიცხვს, 15 მილიარდ დოლარს მიაღწია. „ამ წელს ჩვენ 18 მილიარდ დოლარს მივუახლოვდებით. ეს უკვე პატარა ფირმა აღარ არის. ის ხუთჯერ უფრო დიდია, ვიდრე კენის სიცოცხლეში იყო“, – ამბობს ჰენდრიკსი.
ჰენდრიკსი ABC-ის 100%-ის, უძრავი ქონების დეველოპერული ფირმის და 18 სხვადასხვა კომპანიის აქციების მფლობელი ჰოლდინგის მეპატრონეა. მისი ქონება 12.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს სამჯერ მეტია მის სამი წლის წინანდელ შემოსავალზე, რაც მას ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარ ქალ ანტრეპრენიორად აქცევს. შედარებისთვის, ამერიკის მეორე ყველაზე მდიდარი ანტრეპრენიორი ბიზნესვუმენის, ჯუდი ფოლკნერის ქონება (რომელმაც ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები დანერგა და რომელიც ასევე ვისკონსინში ცხოვრობს) „მხოლოდ“ 6.7 მილიარდად არის შეფასებული.
„რასაც მან მიაღწია, მეეჭვება, რომ იმავესთვის კენსაც მიეღწია“, – ამბობს რობ გერვიცი, ჰენდრიკსის უძრავი ქონების კომპანიის, Hendricks Commercial Properties-ის დირექტორი. ამ ფირმამ ახლახან კალიფორნიის ქალაქ სანტაბარბარაში მდებარე სასტუმროში 42 მილიონი დოლარი გადაიხადა და ასევე, 40 მილიონი დოლარის ღირებულების მცირე ლიგის ბეისბოლის სტადიონი ააშენა ბელოიტში.
75 წლის ასაკში ჰენდრიკსი თავისი წარმატების ისტორიის გაგრძელებას აპირებს. მას სურს, გავლენა მოახდინოს ყველაფერზე: დაწყებული ეროვნული პოლიტიკით და სამსახურების შექმნით, დამთავრებული კიბოს კვლევებითა და საჯარო სკოლების რეფორმით. „ყველამ იცის, რომ კონსერვატორი ვარ“, – ამბობს ჰენდრიკსი, რომელმაც 1992 წლიდან დღემდე რესპუბლიკელ კანდიდატებს 40 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა. შემოწირულებებს შორისაა ვისკონსინის ყოფილი გუბერნატორის, სკოტ ვოლკერისთვის ნაჩუქარი 5 მილიონის დოლარის ღირებულების საჩუქრები. ის, ასევე, დაეხმარა ტრამპის ავადგანთქმულ EPA-ის ადმინისტრატორს, სკოტ პრუიტს 50 000 დოლარით, იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს ეთიკასთან დაკავშირებული სკანდალური სამართლებრივი დავების ხარჯები დაეფარა. ჰენდრიკსი ფიქრობს, რომ დღეს ბიზნესების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრი ადამიანი თავის სამსახურს არ აფასებს. „ადრე სამსახური ნამდვილი საჩუქარი იყო. შენ მისით ამაყობდი“, – აღნიშნავს ჰენდრიკსი.
ის მართლა ამ სენტიმენტით ცხოვრობს. „მე ასეთი მოხუცი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ დავდივარ სამსახურში, რადგან მგონია, რომ აზროვნების უნარი ისევ შემრჩენია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შემიძლია, რაღაცას შინაარსი შევძინო“, – ამბობს ჰენდრიკსი, რომელიც კვირის ყოველ სამუშაო დღეს დილის ხუთ საათზე დგება და შვიდზე სახლიდან გადის.
ამგვარი სამუშაო ეთიკა სათავეს იღებს ჰენდრიკსის ოჯახის სარძევე მეურნეობის ფერმიდან, რომელიც ვისკონსინის შტატის ქალაქ ოსეოში მდებარეობდა. ოსეო ქალაქ ო-კლერის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი მოსახლეობა 1800 ადამიანს ძლივს შეადგენს. ჰენდრიკსი მეოთხე იყო ცხრა ქალიშვილიდან. მას ძროხების მოწველის ან ტრაქტორის ტარების უფლება არ ჰქონდა (მამამისი თვლიდა, რომ ეს „კაცების საქმე“ იყო), თუმცა მას ბევრი საშინაო საქმე ებარა, მათ შორის – უმცროსი დების მოვლა. 10 წლის ჰენდრიკსმა უკვე იცოდა, რომ მას უფრო მეტი სურდა, ვიდრე სოფლად ცხოვრება. „მე არ მინდოდა, ვყოფილიყავი ფერმერი და არ მინდოდა, ცოლად გავყოლოდი ფერმერს“, – იხსენებს ის. ამის ნაცვლად, ჰენდრიკსი ოცნებობდა ლურჯი კოსტიუმის ჩაცმასა და მისი სახლიდან ყველაზე ახლოს მდებარე მეტროპოლისში, მინეაპოლისში მუშაობაზე.
ჰენდრიკსის გეგმები მაშინ ჩაიშალა, როდესაც ის 1964 წელს, 17 წლის ასაკში დაორსულდა. მას სკოლის დატოვება მოუწია. ჰენდრიკსი ცოლად გაჰყვა ბავშვის მამას და სახლიდან 200 მილის მოშორებით, ვისკონსინის ქალაქს ჯეინსვილში დასახლდა. სამ წელიწადში ცოლ- -ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მარტოხელა დედამ „პლეიბოის“ ადგილობრივ კლუბში ოფიციანტად – „ბანიდ“ მუშაობა დაიწყო. „უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია“, – იხსენებს ჰენდრიკსი მისი ცხოვრების აღნიშნულ პერიოდს.
ჰენდრიკსმა მალე მთელ სამხრეთ ვისკონსინის ტერიტორიაზე უძრავი ქონების აგენტად დაიწყო მუშაობა. მან, ასევე, ინდივიდუალური პროექტის სახლების გაყიდვას მიჰყო ხელი. ასე შეხვდა ის 22 წლის ასაკში სახურავების კონტრაქტორს, კენ ჰენდრიკსს. წყვილი 1976 წელს დაქორწინდა. ახლად დაქორწინებულებმა სამი წლის განმავლობაში 200 ძველი სახლი შეიძინეს, შეაკეთეს და კოლეჯის სტუდენტებს მიაქირავეს. „ტუალეტების გასუფთავება ხშირად მიწევდა“, – იხსენებს ჰენდრიკსი.
1982 წელს ჰენდრიკსებმა მთელი თავიანთი ქონება ბანკში ჩადეს და 900 000 დოლარის სესხი აიღეს გაკოტრების პირას მყოფი სამი სამშენებლო მაღაზიის შესაძენად. მათი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ პირდაპირ უნდა ეყიდათ მასალები მწარმოებლებისგან და შემდეგ კენის მსგავსი კონტრაქტორებისა და პროექტის მშენებლებისთვის მიეყიდათ. ამ საიდუმლო ფორმულამ არნახული დონის სამომხმარებლო სერვისი შექმნა ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც თავისი არამეგობრული ხასიათით არის ცნობილი. ხუთი წლის შემდეგ ABC-ის უკვე 50 მაღაზია და დაახლოებით 140 მილიონი დოლარის გაყიდვები ჰქონდა.
1998 წელს კომპანიის გაყიდვებმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე წელს ჰენდრიკსებმა ABC-ის პრეზიდენტად ჩიკაგოდან ბრიჯსტოუნის დირექტორი, დევიდ ლაქი მოიწვიეს. წყვილი ახალი პროექტების დამატებაზე ფიქრობდა. „მას და მამაჩემს კრახის პირას მყოფი ფირმები იზიდავდათ. მათ ბევრი გაკოტრების პირას მყოფი კომპანია შეიძინეს“, – ამბობს კონია კენდრიკს- -შუ, მისი შვიდი შვილიდან (მათ შორის, ოთხი გერიდან) ერთ-ერთი.
შემდეგ, პირდაპირი მნიშვნელობით, სახურავი ჩამოიქცა. 2007 წლის 21 დეკემბერს ბიზნესვახშმიდან სახლში დაბრუნებული კენი ახალი სახურავის შესამოწმებლად გარაჟზე ავიდა. ის სახურავიდან ჩამოვარდა და იმავე ღამეს, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
* * *
ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ჰენდრიკსები ბიზნესიდან გავიდოდნენ. ერთ-ერთმა კონკურენტმა მათ კომპანიის გაყიდვაც კი შესთავაზა. „ისინი ფიქრობდნენ, რომ რადგან მე ქალი ვიყავი, ქონებას გავყიდდი“, – იხსენებს ჰენდრიკსი. ამის ნაცვლად, მან ლაქს სთხოვა, პრეზიდენტი გამხდარიყო და თავად კი თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ეს მძიმე დრო იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰენდრიკსმა 40-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე დაკარგა, არამედ იმიტომაც, რომ 2006 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში ABC Supply-ის გაყიდვები, უძრავი ქონების ბაზრის ჩამოშლის ფონზე, 7%-ით შემცირდა. ABC-იმ თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად დახურა მაღაზიები.
თუმცა ჰენდრიკსმა აურზაურში ახალი შესაძლებლობები იყნოსა. 2010 წელს მან ისარგებლა სუპერიაფი ფასებით და ABC-ის ყველაზე დიდი შესყიდვა გააფორმა. ჰენდრიკსმა თავისი ყველაზე დიდი კონკურენტი კომპანია Bradco 1.6 მილიარდად იყიდა. ექვსი წლის შემდეგ მან 674 მილიონი დოლარი გადაიხადა ჩიკაგოში ბაზირებული სამშენებლო მასალების დისტრიბუტორი კომპანიის, L&W Supply-ის შესაძენად. პირველი გარიგების დასაფინანსებლად მან ABCში თავისი აქციების 40% მისცა გარანტორს იმ პირობით, რომ ამ აქციებს ხუთ წელიწადში უკან დაიბრუნებდა. ჰენდრიკსმა აქციები რეალურად ოთხ წელიწადზე ნაკლებ დროში დაიბრუნა უკან. „ახლაც კი მაჟრიალებს, როდესაც ამას ვიხსენებ. მე ვრისკავდი იმ კომპანიის დაკარგვას, რომლის დატოვებაც ჩემი შვილებისთვის მინდოდა. ეს აღარასდროს იქნება ისეთი კომპანია, რომელიც გაიყიდება“, – ამბობს ის.
მომდევნო წლებში ჰენდრიკსმა უზრუნველყო ის, რომ მისი მემკვიდრეობა სახურავების ბიზნესებს ბევრად შორს გასცდა. ახლახან, აგვისტოს ერთ ტენიან საღამოს, ჰენდრიკსს 20/30 ფუტის ზომის ამერიკის დროშის სკულპტურასთან იხილავდით. ეს უკანასკნელი მდებარეობს მის ერთ-ერთ საუკეთესო პროექტთან: ბელოიტის ახალ Ironworks Campus-თან. კენის გარდაცვალების შემდეგ მან 85 მილიონი დოლარი დახარჯა ყოფილი ფოლადის ქარხნის გადაკეთებაში (ამერიკის დროშა ქარხნის მანქანა-დანადგარების 230 ძველი ყალიბისგან არის დამზადებული). ყოფილი ქარხანა მბრწყინავ კომპლექსად გადაკეთდა, რომელიც ადგილობრივ YMCA-ს, ბელოიტის სავაჭრო პალატასა და 46 მცირე ბიზნესს იტევს. მასში 1800 ადამიანია დასაქმებული.
ჰენდრიკსმა ბევრი სირთულე გამოიარა. ის ორჯერ გადაურჩა კიბოს. პირველი სიმსივნე მას 33 წლის ასაკში გაუჩნდა საშვილოსნოში, ხოლო მეორე – მკერდში, 69 წლის ასაკში. ის არის NorthStar Medical Radioisotopes-ის თავმჯდომარე. ეს კომპანია იყენებს ბირთვულ მედიცინას და რადიოიზოტოპებს გარკვეული სახის კიბოს და გულის დაავადებების აღმოსაჩენად და სამკურნალოდ. ჰენდრიკსმა მასში უკვე 550 მილიონი დოლარი ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის გაყიდვები მხოლოდ 10 მილიონ დოლარს შეადგენს, ის დანებებას მაინც არ აპირებს. ამასობაში, როდესაც ჰენდრიკსმა იხილა, რომ ბელოიტის ტინეიჯერების მხოლოდ 20% აგროვებდა „კომპეტენტურ“ ქულას შტატის კითხვის ტესტებში, მან დაიწყო ქალაქის ჩარტერული სკოლის დაფინანსება. „ლინკოლნის აკადემია“ გასულ წელს გაიხსნა. ჰენდრიკსი ასევე ფიქრობს თავისი ბუტიკ-სასტუმროების ქსელის გაფართოებას ბელოიტიდან ინდიანაში, აიდაჰოსა და კალიფორნიაში.
ერთადერთი რეალური დაბრკოლება დროა. „სიბერეში ყველაზე იმედგამაცრუებელი რამ ესაა. ჯერ კიდევ რამდენია გასაკეთებელი“, – ამბობს ის.
ფოტო: გაბრიელა ჰასბუნი Forbes-ისთვის