“დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად ქართული ენერგეტიკისთვის ევროპის კარი გაიღო. მართალია, ამ კარის ჩარჩოებს ჯერჯერობით ქაღალდზე ვხედავთ, მაგრამ მაინც… იმ დღეს მარიამ ვალიშვილს ვთხოვე, როგორც კი ოქმის დოკუმენტთან კალამს დადებთ, მომწერეთმეთქი და ასეც მოიქცა.
გასულმა სამმა წელმა საქართველოს პოზიციები ელექტროენერგეტიკაში თითქმის ყველა პარამეტრით გააუარესა. დავიწყოთ იმით, რატომ აღმოჩნდა რთული ევროპულ ღია კარში შესვლა? – ეს ევროპული ენერგოგაერთიანება, გარდა იმისა, რომ თავის წესებს, გამოცდილებას გვთავაზობს და საქართველოს უმარტივებს დონორების გადაწყვეტილებებს, ამ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის გზაზე მთელი რიგი პროექტები დააფინანსონ, დედლაინებით გაწერილ ვალდებულებებსაც მოიცავს. სწორედ ამ თარიღებთან დაშორების გამო, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეზ კოპაჩმა 15 ნოემბერს ბრიფინგი გამართა და საქართველოს მთავრობა ვადების დარღვევის გამო გააკრიტიკა.
კოპაჩმა აღნიშნა, რომ 2018 წლის 31 დე კემბერს პარლამენტს ენერგეტიკის დარგის რეფორმის გზაზე რამდენიმე ძირითადი კანონი უნდა მიეღო, თუმცა დოკუმენტები ჯერ განხილვის ეტაპზეა. ეს კანონებია: “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ”, “განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ”, “ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი” და ასევე, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მისაღები კანონი “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ”. შესაბამისად, ამ ჩამორჩენის გამო, ქართული ენერგეტიკა ძირითადად ისევ რუსული და აზერბაიჯანული ენერგიით ივსება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემცირების ფონზე. “თქვენი ენერგობაზარი არ არის სათანადოდ ღია,
შესაბამისად, საბაზრო სტიმულებიც არ გაგაჩნიათ ამ მიმართულებით. ასეთ ვითარებაში კი ინვესტიციების მოლოდინი არ უნდა გქონდეთ”, – ასე გვითხრა კოპაჩმა, როცა მედიის წარმომადგენლებმა ვკითხეთ, მისი აზრით, რატომ მცირდება FDI ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაში.
სტატისტიკა ასეთია: 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამ სექტორში თითქმის 57%-ით შემცირდა.
და რამ უნდა შექმნას სტიმულები FDI-სთვის? – ერთ-ერთი სწორედ ის დაგვიანებული კანონია, რამაც განახლებადი ენერგიების (წყალი, მზე, ქარი) ათვისებით დაინტერესებულებს მხარდაჭერის მექანიზმები უნდა შესთავაზოს. ეს ერთგვარი ფინანსური მოდელებია, მაგალითად, ერთ–ერთი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ელექტროსადგურმა, მის მიერ ყოველ გაყიდულ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე, შესაძლოა, სახელმწიფოსგან კონკრეტული თანხა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ასეთ სქემებს განსაკუთრებით მზისა და ქარის სადგურების მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორები ელიან.
რა აფერხებს სახელმწიფოს, დროულად დაუჭიროს მხარი განახლებად ენერგიებში ინვესტირებას? – “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კანონის” პროექტის განხილვაზე პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, დავით თვალაბეიშვილს, დეპუტატებმა ჰკითხეს, რატომ გვაქვს დღემდე ქარის მხოლოდ ერთი სადგური. პასუხად მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ რამდენიმე პროექტი მზად არის მთავრობის სხდომაზე განსახილველად, მაგრამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო პროექტების დროულად განხილვას აჭიანურებს. სწორედ ამ უწყების უფლება– მოვალეობებში შედის კერძო და საჯარო ფორმატის პროექტების განხილვა და შემდეგ მთავრობისთვის რეკომენდაციის მიცემა, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.
ამასობაში ირკვევა, რომ მიმდინარე შემოდგომისთვის უკვე საექსპლუატაციოდ დაგეგმილი მზის ელექტროსადგური სოფელ უდაბნოში ჯერ არც აშენებულა. ეს ხუთ მეგავატ სიმძლავრეზე დაგეგმილი პროექტია, რომლის ინვესტორი დღეს ამბობს, რომ მზის სადგურის მიერ სამომავლოდ გამომუშავებული ელექტროენერგიის პოტენციურ მყიდველებთან აგრძელებს მოლაპარაკებებს. ეს პროცესი კი იმიტომ გაჭიანურდა, რომ ამ კონკრეტულ პროექტს მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არა აქვს და უდაბნოს მზისგან მოპოვებული ენერგია პირდაპირ თავისუფალ ბაზარზე უნდა გაიყიდოს.
ეს ბიუროკრატიული, თუ ქართულ საბაზრო პირობებზე მოსარგებად საჭირო თავსატეხი გვერდზე რომ გადავდოთ, კიდევ ერთი პრობლემაა – საქართველოს ელექტროსისტემას, მოცემულ პერიოდში, მისი ტექნიკური შესაძლებლობების გამო, ქსელში მაქსიმუმ 350 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების და 130 მგვტ – მზის სადგურების ინტეგრირების საშუალება აქვს. ამაზე მეტი სიმძლავრის ქარისა და მზის სადგურების ასაშენებლად კი ქვეყანას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება – მაგალითად, ჰესების სახით, რომლებიც ენერგიის შედარებით არამდგრადი წყაროსგან (ქარი და მზე) მიღებული ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, მიწოდებას დროულად აღადგენს.
მივედით ამ თემასთან, რატომ გვჭირდება ჰიდროელექტროსადგურები? – ქარისა და მზის ელექტროსადგურებისთვის საყრდენი/ საიმედო რეზერვების მომზადებას თავი რომ დავანებოთ, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება წელიწადში საშუალოდ 5%-ით იზრდება, თუმცა მიმდინარე და გასული წლების მაჩვენებლები ერთმანეთისგან საგრძნობლად არ განსხვავდება. ზამთარი წინ არის და სუსხის მოახლოებამ საქართველოში რუსული ენერგეტიკის პოზიციები დააწინაურა – საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 99% რუსეთიდან განხორციელდა: 192.538 მლნ კვტ-სთ რუსეთიდან შემოვიდა, 2.731 მლნ კვტ-სთ კი – აზერბაიჯანიდან. ჯამში, იანვარ- ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 12.6%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანას 57 მლნ 281,5 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ და, შესაბამისად, მასში გადახდილმა თანხებმა 2016 წლიდან განსაკუთრებით მოიმატა – გასამმაგდა, რადგან მოხმარების ზრდა ზამთრისა და ზაფხულის პიკურ პერიოდებში ერთმანეთს გაუტოლდა.
ამ ვითარებაში ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაბალია. “ჰესების მშენებლობა დაბალი ტემპებით მიმდინარეობს, გეთანხმებით, გარკვეულწილად ეს ასეა, მაგრამ მასმედიაში იმ პროექტებზე საუბრობენ, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვს ადგილობრივებთან ან გარემოს დამცველებთან, თუმცა პროექტების დიდი უმრავლესობა წარმატებით, გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ეს არ ჩანს”, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა 23 ოქტომბერს პარლამენტში ვიზიტისას.
რა ტემპებით შენდება ბოლო პერიოდში საქართველოში ელექტროსადგურები, ეს რთული გადასამოწმებელი არ არის. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში, რომელიც ყოველწლიურად განახლებადი დოკუმენტია, იმ ელექტროსადგურების ჩამონათვალი წერია, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლაც კონკრეტულ საანგარიშო წელს არის დაგეგმილი.
2018 წელს ინვესტორებს შემდეგი ობიექტების ამუშავება ჰქონდათ დაგეგმილი: ხელრა ჰესი, იფარი ჰესი, მტკვარი ჰესი, ნაკრა ჰესი, საშუალა ჰესი 1, საშუალა ჰესი 2, ქვედი ჰესი, ზეკარი ჰესი და ანდეზიტი ჰესი. Forbes Georgia-მ ამ ობიექტების განხორციელების ტემპები ეკონომიკის სამინისტროში მოიკითხა, რომელთაგან, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის არც ერთი ჰესი არაა ამუშავებული და მათი ნაწილის ექსპლუატაციის ვადებმა მიმდინარე, ან მომავალი წლის ბოლომდე გადაიწია, კონკრეტულად ქვედი ჰესი და ანდეზიტი ჰესი კი სამშენებლო ეტაპებზე არც გადასულან. მათგან ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდა, ანუ დღეს ეს ჰესები რომ მუშაობდეს, იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი (2018 წელს 1 მილიარდ 508 მლნ კვტ-სთ იყო) დაახლოებით 25%–ით შემცირდებოდა.
გაჭიანურებული პროექტების ჩამონათვალში ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჰიდროელექტროსადგური “ხადორი 3”, რომლის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო შეჩერდა. პროტესტი ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაშიც გადაიზარდა, რის შემდეგაც, იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს ჰესი მოსახლეობის 90%-ის თანხმობის შემთხვევაში აშენდება. მოიპოვა თუ არა 90%-იანი მხარდაჭერა “ხადორი 3”–ის პროექტმა, ეს არავის დაუთვლია, ან ვინ უნდა დათვალოს?… სამაგიეროდ, ამ ამბებიდან რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გახარიას განცხადება სხვა რეგიონების ბინადართათვის არგუმენტია, მათ საცხოვრებელი არეალის სიახლოვეს ჰესები ასევე 90%-იანი თანხმობით აშენდეს.
არათუ დაუთვლელი 90%-იანი თანხმობის, არამედ ზოგადად რაიმე სახის კონსენსუსს არ იცნობს კიდევ ერთი პროექტი – “ხუდონჰესი”, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად ქსელის განვითარების დოკუმენტში 2026 წელია მითითებული, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს თარიღი ისევ გადაიწევს.
გარდა ამისა, დრო საქართველოში არც მოქმედი ჰესების სასარგებლოდ მუშაობს. 2021 წელი საქართველოს ენერგეტიკის გამოწვევებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს – სწორედ 2021 წლის თებერვალში “ენგურჰესის” სამი თვით გაჩერება იგეგმება. როგორც ობიექტის ხელმძღვანელები ამბობენ, ამ თარიღის კიდევ ერთხელ გადავადება შეუძლებელია, რადგან “ენგურჰესიდან” დიდი მოცულობის წყალი იკარგება, რაც დაკარგულ ელექტროენერგიას ნიშნავს. “ენგურჰესი” ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების ერთ მესამედს უზრუნველყოფს, შესაბამისად, იმ სამი თვის საჭიროება იმპორტირებული ელექტროენერგიით დაიფარება.
ასე აერთიანებს სვანეთი, მისი ჰიდრორესურსების წყალობით, ჩვენი ენერგეტიკის პოტენციალისა და პრობლემების უდიდეს ნაწილს… ისე, სვანეთში ნამყოფი თუ ხართ, შეამჩნევდით, რომ ღამით ყველა სახლიდან სინათლე გამოდის. ამას ვერ ვიტყვი სხვა რეგიონებზე, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი დაკვირვება. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ იქ ელექტროენერგია უფასოა, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს თავისი ღირებულება აქვს და სვანეთის ღამეებს ასე ძალიან რომ უხდება, იმ ყვითელი ფერის ფასს, ჩემი აზრით, საქართველოს სხვა კუთხეებში, ჩვენს სახლებში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ჩამქრალი ნათურები იხდიან.