ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასგან გასული წლის ანგარიში მოისმინა. ასლან ბჟანია არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ მიღწევებსა და მიმდინარე წლის ინიციატივებს გაეცნო. სტატიაში მიმოვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც აღნიშნულ ანგარიშში გვხვდება.
შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული საკონსულტაციო გეგმის დოკუმენტის მნიშვნელობას, რომელიც 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმას ეხება. საუბარია მხარეთა საგარეო სამინისტროების დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ინალ არძინბა და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ პროექტებს ისეთ სფეროებში განახორციელებენ, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა და საგანგებო სიტუაციების მართვა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე შეთანხმება ფინალურ ეტაპზეა და ძალაში მალე შევა. შესაბამისად, როგორც ჩანს, რუსეთი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის ე.წ. აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას გეგმავს.
გარდა ამისა, აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკა ურთიერთობების გაღრმავებას ბელარუსის რესპუბლიკასთანაც განიზრახავს. ინალ არძინბას განმარტებით, ამისათვის შესაბამისი ნიადაგი უკვე მომზადებულია. მისი განცხადებით, „ქვეყნებს“ შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად, მინსკში „აფხაზეთის სავაჭრო სახლი“ დარეგისტრირდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშის მიხედვით, ბელარუსში აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში წარმოებული Duty-free-პროდუქციის იმპორტი მოხდება. გარდა ამისა, ბელარუსი ინვესტორები „აღმოსავლეთ აფხაზეთში“ ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.
აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წლევანდელი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა BRICS-ის სამიტში აქტიური მონაწილეობა იქნება რუსეთის ფედერაციის თავმჯდომარეობით. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს აფხაზეთს საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში დაეხმარება.
როგორც ჩანს, ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის წლევანდელი საგარეო პოლიტიკური მიმართულების პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთი იქნება. გასულ წელს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება თურქეთის რესპუბლიკასთან, ჩრდილოეთ კვიპროსთან და სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დაახლოებაზე გაამახვილა. „აფხაზეთი იკვლევს ამ ქვეყნებთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს“ – აღნიშნა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ. „რუს კოლეგებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით კოორდინირებულად ვმუშაობთ“ – განაცხადა მან.
ე.წ. მინისტრის ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოს ის სირიის არაბთა რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მისივე განმარტებით, აქტიურად განიხილება სირიის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტის შესაძლებლობაც. გარდა ამისა, მხარეები სოხუმში სირიის არაბთა რესპუბლიკის საელჩოს გახსნის შესაძლებლობებსაც განიხილავენ. ცნობისათვის, 2023 წელს სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტი გაიხსნა. ინალ არძინბას განცხადებით, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდაჭერით კონტაქტების დასამყარებლად მოლაპარაკებები ალჟირისა და ირანის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს.
ინალ არძინბას მიერ ასლან ბჟანიასთვის წარდგენილი მოხსენების თანახმად, 2023 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყო. კომუნიკაციის დამყარების მიზანი აფხაზი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსაზოგადოებების ერთმანეთთან დაახლოებაა. არძინბას განმარტებით, იმავე ტიპის მოლაპარაკებები სავაჭრო პალატის დახმარებით ლიბანის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს. ე.წ. მინისტრის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისოდ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც, რომლის ფარგლებშიც კავშირები დამყარდა ავღანეთის, იემენის, პალესტინისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან.
ანგარიშის თანახმად, ე.წ. სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკური აქტივობების ინფორმაციული მხარდაჭერაც იქნება. ამ მიმართულებით აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის, ბელარუსის, სირიისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყნის წამყვან მედიასააგენტოებთან. აღნიშნული თანამშრომლობა კი კიდევ უფრო გაღრმავდება და ინტენსიური გახდება. გარდა ამისა, დე ფაქტო მინისტრის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის ახალ რეგიონებს (იგულისხმება დონეცკი და ლუგანსკი) „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდასაჭერად ინფორმაციას სისტემატურად აწვდის.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე გააგრძელებს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების მიღწევის საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას. ასლან ბჟანიამ ინალ არძინბას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და „ქვეყნისათვის“ საგარეო პოლიტიკური აქტივობების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინალ არძინბასა და ასლან ბჟანიას თათბირის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.