Apple-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ სისტემას დანერგავს, რომელიც ბავშვთა ძალადობის ამსახველი მასალის გავრცელების შეზღუდვას შეუწყობს ხელს. Apple-ის ახალი სისტემა მომხმარებლების iPhone-ების სკანირებით, ფოტოების iCloud-ზე ატვირთვამდე შეამოწმებს, ხომ არ შეიცავს მასალა ბავშვთა მიმართ ძალადობის ამსახველ მასალას.
კომპანიაში აცხადებენ, რომ iPhone-ის ახალი ფუნქცია ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენციასთან ერთად, მომხმარებლის კონფიდენციალურობას დაიცავს. თუმცა, კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ტექნოლოგია ადამიანთა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით თვალთვალისთვისაც გამოიყენონ.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი ტექნო-გიგანტები აღნიშნულ სერვისს უკვე იყენებენ. მსგავსი ფუნქცია უკვე დანერგილია Google-ში, Facebook-სა და Microsoft-ში და ბავშვთა მიმართ ძალადობის ამსახველი მასალის ამოსაცნობად აქტიურად გამოიყენება.
არასამთავრობო ორგანიზაციის, აშშ-ის დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი ტექნოლოგიის მასიური დანერგვა შესაძლოა ბავშვთა სიცოცხლის გადარჩენისთვისა და უფლებების დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ის მიიჩნევს, რომ კონფიდენციალურობა და ბავშვთა უსაფრთხოების დაცვა თანადროულად მიღწევადი მიზნებია.
Apple-ისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობით, „NeuralHash“-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შემუშავდა სისტემა, რომელიც მასალას iCloud-ზე ატვირთვამდე ციფრულ კოდებად გარდაქმნის და შემდგომ მონაცემთა ბაზაში არსებულ მასალას შეადარებს. კომპანიის წარმომადგენლებს განცხადებით, ის მასალა, რომელიც მხოლოდ მოწყობილობაში ინახება არ შემოწმდება, მომხმარებელს, კი, მათი ანგარიშის შეცდომით დაბლოკვის შემთხვევაში, საშუალება ექნება კომპანიას მიმართოს ანგარიშის აღდგენის მოთხოვნით.