Samsung-ის ვიცე-თავმჯდომარე საპატიმროს პირობითი მსჯავრით დატოვებს

Samsung-ის ვიცე-თავმჯდომარე საპატიმროს პირობითი მსჯავრით დატოვებს

სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ქრთამის აღებასა და ფინანსების გაფლანგვაში მსჯავრდებული Samsung Electronics-ის ვიცე-თავმჯდომარე ჯეი ლი საპატიმროს პირობითი მსჯავრით პარასკევს დატოვებს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების გადაწყვეტილება ტექ-კომპანიის ვიცე-თავმჯდომარის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობას ეფუძნება, რომელთა შორისაც საზოგადოების თანაგრძნობა და სასჯელის მოხდის დროს კარგი ქცევაც შედის.

ჯეი ლის ბრალი სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის მეგობრისათვის ქრთამის შეთავაზებაში ედება. 53 წლის ლიმ 30-თვიანი სასჯელიდან 18 თვე ციხეში მოიხადა. თავდაპირველად იგი 5 წლიან სასჯელს იხდიდა, რომელიც 2017 წლის აგვისტოში შეუჩერეს. ამის შემდეგ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება გააუქმეს და მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირეს, ციხეში კი მიმდინარე წლის იანვარში დააბრუნეს.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში სმარტფონებისა და ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის, Samsung-ის ყოველდღიური მუშაობის გრაფიკზე ჯეი ლის არყოფნას გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, კომპანიის მესვეურების განცხადებით, სწორედ ლი არის პასუხისმგებელი კორპორაციის მთავარ ინვესტიციებზე.

კორეული ინდუსტრიის ფედერაციამ, ბიზნესგაერთიანებამ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიესალმება სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ჯეი ლის პირობითი მსჯავრით გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

თუმცა, ჯერ-ჯერობით იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულისათვის სამუშაო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა არ მიუცია. სამხრეთ კორეული სისხლის სამართლის კანონმდებლობა პირს, რომელიც მსჯავრდებულია კონკრეტული დანაშაულისათვის, 5 წლის განმავლობაში უკრძალავს ამ დანაშაულთან დაკავშირებულ კომპანიაში საქმიანობას. თუმცა სამართლის ექსპერტების მოსაზრებით, ჯეი ლი იუსტიციის მინისტრისაგან ამ ნებართვას მიიღებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *