ფოტო: appleinsider.com
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის, აქციების ფასი 5.3%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ MacBook-ებისა და iPad-ების ღირებულების ზრდის შესახებ განაცხადა. ფასების ზრდის გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიერ მონაცემთა ცენტრების მასშტაბური გაფართოების ფონზე მეხსიერებისა და მონაცემთა საცავის ჩიპების მკვეთრ გაძვირებას უკავშირდება.
ხუთშაბათს, სავაჭრო სესიის განმავლობაში, Apple-ის აქციების ფასი დაახლოებით $277-მდე შემცირდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ დაახლოებით $275 მილიარდით იკლო და თითქმის $4 ტრილიონამდე ჩამოვიდა.
აქციების ვარდნის შემდეგ Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში მესამე ადგილზე გადავიდა. მას საბაზრო ღირებულებით Alphabet-მა გადაასწრო, რომლის კაპიტალიზაცია დაახლოებით $4.1 ტრილიონს შეადგენს. პირველ ადგილზე კი კვლავ NVIDIA რჩება, რომლის ღირებულება $4.7 ტრილიონამდეა.
ფასების ზრდა Apple-ის რამდენიმე პოპულარულ პროდუქტს შეეხო, მათ შორის კომპიუტერებსა და ტაბლეტებს. Apple-ის ყველაზე ბიუჯეტური ლეპტოპის, MacBook Neo-ს საწყისი ფასი 599 დოლარიდან 699 დოლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, 512-გიგაბაიტიანი MacBook Air-ის ღირებულებამ 1,099 დოლარიდან 1,299 დოლარამდე მოიმატა, ხოლო 1-ტერაბაიტიანი MacBook Pro-ს ფასმა 1,699 დოლარიდან 1,999 დოლარამდე. ასევე გაძვირდა 128-გიგაბაიტიანი iPad Air, რომლის ფასი 599 დოლარიდან 749 დოლარამდე გაიზარდა.
კომპანიამ ფასები გაზარდა HomePod-ის ჭკვიან დინამიკებსა და Apple TV-ის მოწყობილობებზეც.
იხილეთ ასევე: Apple-მა iPad-ებისა და MacBook-ების ღირებულება გაზარდა – როგორია განახლებული ფასები?
Apple-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც ტექნიკის ფასებს ზრდის. ბოლო პერიოდში პროდუქციის გაძვირების შესახებ განაცხადეს ასევე Nintendo-მ, Sony-მ, Microsoft-მა, Lenovo-მ, Dell Technologies-მ და HP Inc.-მა.
ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილ მონაცემთა ცენტრებში მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ სამომხმარებლო ელექტრონიკისთვის მარაგები შეამცირა. შედეგად, 2026 წლის პირველ კვარტალში მეხსიერების ჩიპების საკონტრაქტო ფასები 80%-90%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც 2025 წლის ბოლო კვარტალში უკვე 50%-იანი ზრდა იყო დაფიქსირებული.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩიპების დეფიციტი და მაღალი ფასები სულ მცირე 2027 წლამდე შენარჩუნდება, რაც ტექნოლოგიური მოწყობილობების კიდევ უფრო გაძვირებას განაპირობებს.









