Apple-მა iPad-ებისა და MacBook-ების ღირებულება გაზარდა – როგორია განახლებული ფასები?

Apple-მა iPad-ებისა და MacBook-ების ღირებულება გაზარდა – როგორია განახლებული ფასები?

ფოტო: Adam Gray/Bloomberg

 

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, დღეს iPad-ებისა და MacBook-ების ფასები გაზარდა. კომპანიის განცხადებით, იგი ვეღარ ახერხებს მომხმარებლების დაცვას მეხსიერებისა და მონაცემთა საცავის ჩიპების მკვეთრი გაძვირებისგან, რაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მიერ მონაცემთა ცენტრების მასშტაბურმა გაფართოებამ და ამ კომპონენტებზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.

როგორც ირკვევა, ფასების ზრდა არ ეხება iPhone-ს, რომელიც Apple-ის შემოსავლების მთავარი წყაროა. თუმცა გაძვირდა კომპანიის რამდენიმე პოპულარული კომპიუტერი და ტაბლეტი, მათ შორისაა MacBook Neo, Apple-ის ყველაზე ბიუჯეტური ლეპტოპი, რომლის საწყისი ფასი 599 დოლარიდან 699 დოლარამდე გაიზარდა.

კომპანიის განცხადებით, მეხსიერების ჩიპების მწარმოებლები, მათ შორის Micron Technology, ბოლო თვეებში პრიორიტეტს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელთა შეკვეთებს ანიჭებენ. შედეგად, სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებლებისთვის მიწოდება შემცირდა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

„არ გვახსენდება, ოდესმე კომპონენტების ფასი ასე მკვეთრად და სწრაფად გაზრდილიყოს“, – ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. „ჩვენ აქამდე ვიცავდით მომხმარებლებს ამ ზრდისგან, თუმცა ახლა უკვე მივაღწიეთ იმ ეტაპამდე, როდესაც რიგ პროდუქტებზე ფასები უნდა გავზარდოთ, მათ შორის iPad-ისა და Mac-ის შემთხვევაში.“

კომპანიის ვებგვერდზე განახლებული ფასების მიხედვით, 512-გიგაბაიტიანი MacBook Air-ის ღირებულება 1,099 დოლარიდან 1,299 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 1-ტერაბაიტიანი MacBook Pro-ს ღირებულება 1,699 დოლარიდან 1,999 დოლარამდე. ასევე გაძვირდა 128-გიგაბაიტიანი iPad Air, რომლის ფასი 599 დოლარიდან 749 დოლარამდე გაიზარდა.

Apple-მა ფასები გაზარდა HomePod-ის ჭკვიან დინამიკებსა და Apple TV-ის მოწყობილობებზეც.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ არსებული მარაგები Apple-ს საშუალებას აძლევდა მოგების მარჟა ანალიტიკოსების მოლოდინზე მაღალ დონეზე შეენარჩუნებინა, თუმცა მეხსიერების ჩიპების გაძვირების გავლენა ივნისის ბოლოსთვის უკვე საგრძნობი გახდებოდა.

კვლევითი კომპანია TrendForce-ის მონაცემებით, DRAM ტიპის მეხსიერების ჩიპების ფასები 2026 წლის პირველ კვარტალში 98%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე კვარტალში კიდევ 58%-63%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ზოგიერთმა ექსპერტმა ამ პროცესს „RAMageddon“ უწოდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩიპების გაძვირება წელს მოწყობილობების გაყიდვებზეც უარყოფითად აისახება. კვლევითი კომპანია IDC პროგნოზირებს, რომ სმარტფონების ბაზარი 2026 წელს დაახლოებით 14%-ით შემცირდება, ხოლო პერსონალური კომპიუტერების ბაზარი – 11.3%-ით.