ფოტო: NurPhoto via Getty Images
გამოცემა The Information-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, Grok-ის, ტრაფიკის ძირითადი ნაწილი ეროტიკული შინაარსისა და ზრდასრულთათვის განკუთვნილ კონტენტზე მოდის. ანგარიშში ისიც არის აღნიშნული, რომ xAI აქტიურად განაგრძობს მუშაობას მსგავსი ტიპის ვიდეოებისა და ფოტოების გენერირების ინსტრუმენტებზეც.
The Information-ის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტის დომინირება ვრცელდება Grok-ის კოდირების მოდელზე, რომელიც ხშირად იღებს მოთხოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის მასალის გენერირებაზე.
გამოცემის მტკიცებით, პორნოგრაფიულ ფოტოებსა და ვიდეოებზე, ზრდასრულთა „როლური თამაშების“ ჩატებსა და მსგავს აქტივობებზე Grok-ის საერთო ტრაფიკის ნახევარზე მეტი მოდის.
ანალიტიკური კომპანია Vital Knowledge-ის ანალიტიკოსმა, ადამ კრისაფულიმ, The Information-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგებს xAI-ის მიერ „აქტუალობის შესანარჩუნებლად სასოწარკვეთილი მცდელობა“ უწოდა. კრისაფულის თქმით, xAI-ს ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია იმ ჩამორჩენასთან, რომელიც მასკის AI-სტარტაპს ბაზრის სხვა ძირითად მოთამაშეებთან — Anthropic-ის, OpenAI-ის, Google-ისა და Meta-ს ჩატბოტებთან — აქვს.
ცნობისთვის, Similarweb-ის მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში, Grok-ის ვებტრაფიკი 22%-ით შემცირდა, რაც წამყვან AI-ჩატებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. პარალელურად, იმავე პერიოდში, Claude-ის ტრაფიკი თითქმის 369%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა DeepSeek-ის (44%), Google-ის NotebookLM-ის (43%) და Gemini-ის (40%) მაჩვენებლები.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკავშირმა ილონ მასკის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის პლატფორმა X-ის ჩატბოტ Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. საქმე რეალური ადამიანების სექსუალიზებული სურათების გენერირების სკანდალს ეხება, რამაც, ევროკომისიის განცხადებით, EU-ის მოქალაქეები მნიშვნელოვნად დააზიანა. ამის შემდეგ X-მა Grok-ის ფუნქციის — შექმნას ან დაარედაქტიროს რეალური ადამიანების გამოსახულებები გამომწვევ ტანსაცმელში — შეზღუდვის შესახებ განაცხადა.















