12 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს მეორე უმსხვილესმა კომპანია Apple-მა თავის უშუალო კონკურენტს, სამხრეთკორეულ Samsung-ს სმარტფონების გაყიდვებით გადაასწრო და 2023 წელს ბაზრის 20% დაიკავა.
International Data Corp.-ის მონაცემებით, Samsung-ის საბაზრო წილი გასულ წელს 19.4% იყო, შემდეგ მოდიოდა ჩინური Xiaomi-ი და Oppo.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელი კომპანიებისთვის რთული გამოდგა, რამეთუ მომხმარებლები მაღალი ინფლაციისა და მაკროეკონომიკური არასტაბილურობის გამო მობილურების განახლებისგან თავს იკავებდნენ.
გაყიდვებზე იმოქმედა ტელეფონებისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრის, ჩინეთის ეკონომიკის მოსალოდნელზე ნაკლები ტემპით აღდგენამაც.
ტოპ-5 ბრენდიდან მხოლოდ Apple-მა და Transsion-მა შეძლეს ზრდის დაფიქსირება. თუმცა ამერიკულ კომპანიას ჩინეთში კონკურენციის გაწევა Huawei-სთან და სხვა ჩინურ ბიუჯეტურ ბრენდებთან უწევს და მომხმარებელს ფასდაკლებებსაც სთავაზობს.
ცნობისთვის, ამჟამად Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.8 ტრილიონ აშშ დოლარზეა და მხოლოდ Microsoft-ს ჩამორჩება ($2.9 ტრილიონი). რაც შეეხება Samsung-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 350 მილიარდ ამერიკულ დოლარამდეა.
ტექნოლოგიური ბრენდების წილი სმარტფონების გაყიდვებში 2022-23 წლებში: