საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.8% შეადგინა. მთლიანობაში, 2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მშპ საშუალოდ 9%-ით გაიზარდა. პირველი კვარტლის საშუალო ზრდა კი 7.8%-ია.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის აპრილში მშპ-ის მატება ძირითადად დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ვაჭრობის, ასევე, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგების განვითარებამ განაპირობა. სანაცვლოდ, ენერგეტიკის სფეროში კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ $1.76 მილიარდი, იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ კი $4.8 მილიარდი შეადგინა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარი-აპრილის პერიოდში $6.56 მილიარდს გაუტოლდა, რაც 2.7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს 6,699 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 16.7%-ით აღემატება 2023 წლის აპრილის მაჩვენებლებს.