საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.03%-ით, 533.75 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 52.35 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.31% შეადგინა.
სებ-ის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 1.15 მილიარდი ლარით, 5.27%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 5.51% შეადგინა. თუმცა 2.06%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.74%-ით), 616.79 მილიონი ლარით შემცირდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი აპრილის ბოლოსთვის 51.75%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 1.41%-ით არის გაზრდილი.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.07% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.28%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.90%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.96%, ხოლო ევროს წილმა 20.21% შეადგინა.