სტოლტენბერგი რუსულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებას ემხრობა

სტოლტენბერგი რუსულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებას ემხრობა

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე თავდასხმისთვის, იარაღის გამოყენების აკრძალვა უნდა შეამსუბუქონ – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„დრო დადგა, მოკავშირეებმა იფიქრონ იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რომლებიც მათ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაზე დააწესეს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა გამოცემასთან საუბრისას. ნატოს გენერალურ მდივანს კომენტარის გაკეთებისას ალიანსის რომელიმე კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ცნობილია, რუსულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის დასავლური იარაღის გამოყენების მოწინააღმდეგეებს შორის არიან გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები.

სტოლტენბერგის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების გარეშე უკრაინა განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახლა, ხარკოვზე თავდასხმებისას აღმოჩნდება. რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე თავდასმის შესაძლებლობის გარეშე უკრაინას თავის დაცვა გაუჭირდება. ნატოს გენერალური მდივნის მტკიცებითვე, უკრაინის თავდაცვის უფლება რუსეთს ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ შეტევის მიტანის შესაძლებლობასაც უნდა გულისხმობდეს.

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმისთვის იარაღის გამოყენების ნებართვას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. „მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე აკრძალვა უნდა არსებობდეს, რადგან ეს არ არის უკრაინის ჯარის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა, დასავლეთის იარაღის გამოყენებით. ეს მხოლოდ თავდაცვაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ნატოს მეთაურის განცხადებები ფართოდ იქნა ციტირებული რუსულ მედიაში. სტოლტენბერგის მოწოდებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა. „ამის ცოდნა სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინც შვეიცარიაში მშვიდობის კონფერენციაზეა  მიწვეული“, – დაწერა ზახაროვამ Telegram-ის არხზე, ივნისის შუა რიცხვებში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება.