რიგით 31-ე ნობელიანტი ქალი; ბიოლის, ბიუხნერის, კაფკას, ჰაინეს პრემიების ლაურეატი, მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი, სოციალისტი, ფემინისტი და… პიანისტი. ელფრიდე ელინეკი – მძაფრი ფსიქოლოგიური პროზისა და სოციალური სატირის დიდოსტატი, მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ავსტრიის ბიურგერული ყოფის არ- და ვერმიმღები, “ავსტრიელი უელბეკი კაბაში”.
მისი რომანები – პირდაპირი, ჭკვიანი და უკომპრომისო ადამიანის დაწერილი – ანგრევენ სტერეოტიპებს და კულტურულ შოკს იწვევენ. ელინეკის პროზის უმძაფრესი, სულის შემძვრელი სიუჟეტები და ყოველგვარ იდეალიზებას მოკლებული პერსონაჟები, გაშიშვლებული ემოციებითა და არაპროგნოზირებადი ქმედებებით, ავტორს ფსიქოლოგიის საუკეთესო მცოდნედ წარმოაჩენენ, ერთგვარ სულიერ ქირურგად, რომელიც მზადაა, გამოავლინოს და ამოკვეთოს ის სიმსივნე, რომელსაც ცრუწესიერება და მოჩვენებითი კდემამოსილება ჰქვია. რა გასაკვირია, რომ მისი რომანები (“საყვარლები” (1975) “პიანისტი” (1983) და “ავხორცობა” (1989)) მიუღებელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომელთა რუტინულ, არაფრისშემცველ და არაფრისშემქმნელ ყოველდღიურობას ელინეკის სატირა ასე ულმობლად ააშკარავებს.
2004 წელს ელინეკს ნობელის პრემია მიაკუთვნეს “…რომანებისა და დრამების მუსიკალური პოლიფონიურობისათვის, რომელიც მხოლოდ მისი ლიტერატურული ენისათვის დამახასიათებელი ჟინითა და ვნებით ამხელს სოციალურ კლიშეებს”. მწერალი ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე არ გამოცხადდა, რადგან ის კარგა ხანია, საზოგადოებრივი თავყრილობის ადგილებში გამოჩენას ერიდება.
“სამწუხაროდ, მწერლების ბიოგრაფიები (მათთვის კი ბიოგრაფია ყველაფერზე მნიშვნელოვანია) ხშირად გადატვირთულია პროტაგონისტების სექსუალური მიდრეკილებებისა თუ ხრიკების აღწერით. იქმნება ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს სექსუალობის ნეხვის გროვაზე კიტრის ნარგავების წმინდა ბგერათშეთანხმება აღმოცენდება”, – ამბობს ელინეკი “ლე მონდისთვის” მიცემულ ინტერვიუში.