არის თუ არა ხელოვნური ინტელექტი კულტურისა და ბიზნესის მომავალი?

არის თუ არა ხელოვნური ინტელექტი კულტურისა და ბიზნესის მომავალი?

ლაბორატორიაში შექმნილი ტვინის უჯრედები, რომლებსაც კომპიუტერით თამაშის სწავლა შეუძლიათ, ნანობოტები, რომლებიც თავისით მრავლდებიან, ავტომობილები, რომლებიც მძღოლის გარეშე გადაადგილდებიან – ეს ყველაფერი, რაც ადრე მხოლოდ ფანტასტიკის საგანი იყო, დღეს რეალობაა და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად განვითარებული ხელოვნური ინტელექტის დარგია.

2021 წლიდან მოყოლებული, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი უახლესი განვითარება ის ტექნოლოგიაა, რომელიც ნებისმიერი შინაარსის მქონე აღწერას გამოსახულებად აქცევს. გამოცემა The Verge-ის  ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტი კომპლექსური ალგორითმების საშუალებით მილიონობით ტექსტუალურ აღწერასა და გამოსახულებას აანალიზებს და ტექსტის გრაფიკაში გადაყვანის თარგს პოულობს. რამდენიმე თვის წინ ეს მიღწევა მხოლოდ ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიების საკუთრებაში იყო, როგორიცაა Google-ი და OpenAI. ახლა კი ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და ბაზარზე არაერთი ასეთი პლატფორმა გამოჩნდა.

ერთ-ერთი ასეთი ვებგვერდი Midjourney-ა, რომელიც ტექნოლოგიის განსახორციელებლად Discord-ის პლატფორმას იყენებს. იმისთვის, რომ ნებისმიერი შინაარსის მქონე ტექსტი გრაფიკად აქციო, Discord-ის ვებგვერდზე არსებულ Midjourney-ის სერვერზე გაწევრიანებაა საჭირო. რობოტის მოქმედების გასააქტიურებლად, მას სპეციალური ბრძანება ( /imagine), შემდეგ კი ნებისმიერი შინაარსის მქონე ტექსტი უნდა მისწერო. 60 წამში რობოტი 4 შესაბამის გამოსახულებას გამოგიგზავნის, თითოეული გამოსახულების გასაუმჯობესებლად კი 2 ღილაკია მოცემული – U (upscaling – ხარისხის გაზრდა), რომელიც გამოსახულებას უფრო რეალისტურს გახდის და V (variations – ვარიაციები), რომელიც მოცემული სურათის მოდიფიცირებულ ვარიანტს შექმნის.

ხელოვნური ინტელექტის ამ ტექნოლოგიამ უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. გასულ აგვისტოს კოლორადოს შტატში გამართულ ხელოვნების კონკურსში ჯეისონ ელენმა გაიმარჯვა. ელენმა კონკურსზე სწორედ ამ ტექნოლოგიის მიერ შექმნილი ნახატი წარადგინა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საინტერესოა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება უკვე მედიამაც დაიწყო. როგორც The Verge-ისგან ვიგებთ, პოლიტიკური სიახლეების ამერიკულმა გამოცემამ, The Bulwark-მა, საკუთარ ვებგვერდზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ილუსტრაციები გამოაქვეყნა. ხოლო ცნობილი ჟურნალის, The Economist-ის 2022 წლის ივნისის გამოშვების გარეკანი მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ინოვაციამ და რამდენად რეალურია ის ვარაუდი, რომ დროთა განმავლობაში ის შეცვლის ბიზნესის, ხელოვნებისა და მრავალი სხვა სფეროს ტენდენციებს? ჯერჯერობით მსგავსი ვებგვერდების მომხმარებლები ძირითადად ის ადამიანები არიან, რომელთა მთავარი მიზანი კრეატიული აზრების გაცოცხლება და გამოსახულებად გარდაქმნაა. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექსტიდან გამოსახულებაში გადამყვანი ტექნოლოგიის გამოყენებას დიდი კომპანიებიც დაიწყებენ. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდები, როგორიცაა, მაგალითად, Midjourney, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიზუალური კონტენტის სწრაფად, მარტივად და იაფად შექმნის საშუალებას იძლევიან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Forbes-ი ვარაუდობს, რომ ამ ტექნოლოგიის ირგვლივ არაერთი ბიზნესნიმუში შეიქმნება. ამერიკულმა საკვების კომპანიამ, Kraft Heinz-მა, უკვე დაიწყო ამ უახლესი მეთოდით სარეკლამო კონტენტის შექმნა. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება ნივთების დასამზადებლად ახალი, ინოვაციური დიზაინებისა და მახასიათებლების შექმნა. შესაბამისად, ეს ტექნოლოგია გააუმჯობესებს ნებისმიერი პროდუქტის წარმოებას, მათ შორის მანქანების, ავეჯის, ტანსაცმლის და ა.შ. რასაკვირველია, ტექნოლოგია ხელოვნების სფეროშიც იქნება გამოყენებული, არა მხოლოდ ნახატების შესაქმნელად, არამედ ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვა სფეროების განსავითარებლადაც, მაგალითად, ციფრული მედიის, ჟურნალების, წიგნებისა და მუსიკალური ალბომების გაფორმების გზით. ხელოვნური ინტელექტი გავლენას არქიტექტურის სფეროზეც იქონიებს, რადგან ის უნიკალური პროექტების შექმნას შეძლებს. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ უკვე დაიწყო ისეთი ტექნოლოგიის განვითარება, რომელიც ნებისმიერ მოცემულ ტექსტს არა მხოლოდ გამოსახულებად, არამედ ვიდეოდაც აქცევს.

თუმცა, ამ განვითარებას თან არაერთი ლეგალური და ეთიკური პრობლემა ახლავს. კომპანია World Economic Forum-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტი გამოსახულებების შექმნის პროცესში მილიონობით არსებულ ნაშრომს იყენებს და მათ საავტორო უფლებებს ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, Midjourney-ისა და მსგავსი პლატფორმების ის მომხმარებლები, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მიერ შექმნილ მასალას კომერციულად გამოიყენებენ, შესაძლოა, საავტორო უფლებების დარღვევის მიზეზით სასამართლო განხილვის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. სკეპტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს უახლესი განვითარება ხელს უწყობს საზიანო კონტენტის შექმნას, დეზინფორმაციის გავრცელებასა და ნეგატიური სტერეოტიპების წაქეზებას. Bloomberg-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პასუხისმგებელმა პირებმა უზრუნველყონ ის, რომ მსგავსი პლატფორმებიდან პრობლემური მასალა გაიფილტროს. რამდენიმე ასეთმა ვებგვერდმა საჯარო პირების სახეების გამოყენება აკრძალა, ხოლო Midjourney-მ ის სიტყვები დაბლოკა, რომლებიც შეურაცხმყოფელი გამოსახულებების შექმნას უწყობენ ხელს.

მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, ამ ეტაპზე მკვლევრები ინოვაციის დადებით შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას და ტექნოლოგიის გაუმჯობესებას აღნიშნული საკითხების თანახმად აგრძელებენ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ამ პლატფორმის განვითარება ხელოვნური ინტელექტის სფეროში კიდევ არაერთი მომავალი ინოვაციის საფუძველი გახდება.