ზაპოროჟიეს ატომური სადგური 2022 წელს, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსული ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა. მას შემდეგ სადგურზე სამხედრო ძალებმა იერიში არაერთგზის მიიტანეს, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ტერიტორიას მუდმივი დაკვირვების ობიექტად აქცევს.
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილმა ხანძარმა ადგილზე პოტენციური რისკის საშიშროება განაახლა. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსულმა ძალებმა 11 აგვისტოს ცეცხლი ავტომობილების ბორბლებს წაუკიდეს და სადგურზე ხანძრის იმიტაცია შექმნეს. ხოლო მოსკოვმა ხანძრის მიზეზად, მტკიცებულებების გარეშე, უკრაინული ძალების მიერ ტერიტორიის დაბომბვა დაასახელა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ყოფილი მთავარი ბირთვული ინსპექტორის რობერტ კელის შეფასებით, „არ არსებობს შესაძლებლობა“ იმისა, რომ მსგავსი თავდასხმები სადგურის აფეთქებას გამოიწვევს. გასულ კვირაში, IAEA-ს ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმაც დაადასტურა, რომ ბოლო ხანძარს ბირთვული საშიშროება არ გამოუწვევია.
წინა რამდენიმე დარტყმის შედეგად, ზაპოროჟიეზე ელექტროენერგია გაითიშა. ტექნიკურად ეს საშიშია. ელექტროენერგიის გარეშე ბირთვული რეაქტორები ვერ გაგრილდება, რის გამოც ისინი შესაძლოა გადახურდეს და აფეთქდეს- როგორც ჩერნობილში. თუმცა როგორც რობერტ კელიმ Euronews-თან აღნიშნა, ამის ალბათობა დღეს ფაქტობრივად ნულის ტოლია: „ჩერნობილის რეაქტორმა მოულოდნელად სრული სიმძლავრით დაიწყო მუშაობა, მასში არსებული წყალი ორთქლად გადაიქცა და უბრალოდ დაანგრია შენობა“.
თანამედროვე რეაქტორები აშენებულია ბევრად უფრო მაღალი სტანდარტებით. ჩერნობილის რეაქტორებისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებდნენ აალებად გრაფიტს, ზაპოროჟიე იყენებს წნევის ქვეშ მყოფ წყლის რეაქტორებს, რომელიც არ იწვის. წნევის ქვეშ მყოფი წყლის რეაქტორები(PWR) უფრო უსაფრთხოა, აშენებულია მასიური ბეტონისა და ფოლადის გუმბათის შიგნით, რაც მინიმუმამდე ამცირებს გაჟონვის შანსს.
ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ალტერნატიულ წყაროდ ახლომდებარე ზაპორიზკას ქვანახშირის ელექტროსადგურის – უკრაინის უდიდესი თბოელექტროსადგურის – ან დიზელის გენერატორების გამოყენება შეიძლება. ამასთან ერთად, ჩერნობილისგან განსხვავებით, ზაპოროჟიეს ყველა რეაქტორი ამჟამად გათიშულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის ჯარების მიერ სადგურის აღების მიუხედავად, სადგურის პერსონალი მეტწილად ადგილზე რჩება, რაც ზაპოროჟიეს არასწორად მართვის საშიშროებასაც ამცირებს.
რაც შეეხება ევროპის მზადყოფნას: ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში ჯამში 150-ზე მეტი რეაქტორი ოპერირებს. თითოეულ ქვეყანას აქვს ბირთვული მზადყოფნის სააგენტო, მათაც კი, რომლებსაც არ აქვთ რეაქტორები. საერთაშორისო დონეზე, ბირთვული უსაფრთხოების გაიდლაინები, IAEA-ს მიერაა შემუშავებული. ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების პროცედურებს კოორდინაციას HERCA უწევს, ხოლო ცალკეულ სახელმწიფოებში მათ განხორციელებას ევროკავშირის ორგანო – EMSREG-ი უზრუნველყოფს.
ქვეყნებს შორის კოორდინაცია განსაკუთრებით 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ გაძლიერდა. შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საგანგებო სიტუაციებში მომზადების სპეციალისტ იან იოჰანსონის განცხადებით, HERCA საკმაოდ აქტიურადაა ჩართული უკრაინის თემებშიც და აკვირდება მოვლენების განვითარებას.
მისივე თქმით, რადიაციული გაჟონვის შემთხვევაშიც, დრო რეაგირებისთვის საკმარისადაა. ყველაზე ცუდ სცენარში – რადიაციული გამოსხივებით აფეთქება – ინციდენტის გარშემო 5-კილომეტრიანი რადიუსის ევაკუაცია მოხდება. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში კი 25 კილომეტრის რადიუსში ყველა იქნება გაფრთხილებული, შენობებს შეაფარონ თავი.