საქართველოს სრული მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგების საკითხი 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების წინ კამათის საგანს წარმოადგენდა და აქტუალობას ამ დრომდე არ კარგავს. იმაზე, რომ ეს მშობლებისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, ყველა თანხმდებოდა, თუმცა ისმოდა კითხვა: მაშინ როდესაც მოსწავლეების გარკვეული ნაწილისთვის (ესენი იყვნენ: სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, აგრეთვე ომში დაღუპული სამხედროების შვილები) უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა ისედაც მოქმედებდა, რა საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება იმ მოსწავლეებისთვისაც, ვისაც ეს ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა. კითხვის ნიშნები გაჩნდა გამომცემლობებთან დაკავშირებითაც – რამდენად დააზარალებდა მთავრობის ეს გადაწყვეტილება საგამომცემლო ბიზნესს და რა რისკების ქვეშ დადგებოდნენ ისინი.
მოდი, მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ და გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულმა ინიციატივამ მოიტანა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2013-2014 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის სასკოლო სახელმძღვანელოები უფასო იქნებოდა, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის 8 აპრილს თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას გააჟღერა. მანვე განმარტა, რომ ეს არის ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საშუალო სკოლაში სწავლა არის უფასო და სახელმწიფო ვალდებულია აღნიშნული რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. განათლების სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლის 650 000 მოსწავლეს სახელმძღვანელო უფასოდ უნდა მიეღო. ამასთან, პროგრამა არ გავრცელდა კერძო სკოლების იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იმყოფებოდნენ.
საბოლოო ჯამში, პროგრამის ფარგლებში სულ 5 819 778 სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. განათლების სამინისტროს რამდენიმე საჯარო სკოლაში მეორადი წიგნების დარიგებაც მოუხდა. თუმცა, განათლების სამინისტროს განმარტებით, მსგავსი წიგნების ოდენობა წიგნების საერთო რაოდენობის 0,1%-ს არ აღემატებოდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის წიგნების უსასყიდლოდ გადაცემის პროცესი საქართველოში 2010 წლიდან დაიწყო. მაშინდელი პროგრამა პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს მოიცავდა. პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფოს მხრიდან 8 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
ამავე პროგრამის ფარგლებში 2012 წლიდან ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველი მოსწავლეების პარალელურად 2008 წლის ომში დაღუპული სამხედროებისა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებსაც გადაეცათ. განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში სახელმძღვანელოები უფასოდ 180 000-ზე მეტ მოსწავლეს ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადაეცემოდა. განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის ფარგლებში კი მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემა გარკვეული პირობით მოხდა, რაზეც უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი, მოდი, განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის დეტალები გავაანალიზოთ.
2013-2014 წლისათვის უფასო სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე ოთხ სტამბას მიენიჭა. განათლების სამინისტროს ამ ინიციატივის შემდეგ ოთი სტამბა – შპს „ფავორიტი პრინცი“, შპს „ფორმა“, შპს „სეზანი“ და შპს „მვპ“ – გაერთიანდა და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „გაერთიანებული ქართული სტამბის“ სახელით დარეგისტრირდა. თავად გიორგი მარგველაშვილი ბიზნესკურიერთან საუბრისას აცხადებდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება ყველა სტამბასა და გამომცემლობასთან მიმდინარეობდა, ეს არ იყო ფარული პროცესი და საბოლოოდ ის ოთხი სტამბა შეირჩა, რომელთაც ჯამურად მსგავსი მოცულობის შეკვეთის შესრულების შესაძლებლობა ჰქონდა. გამომცემლები კი აცხადებდნენ, რომ მათთან მოლაპარაკება არ გამართულა და განათლების სამინისტროს მხრიდან რაიმე ტიპის შემოთავაზება არ მიუღიათ.
საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში უფასო სახელმძღვანელოების დარიგების შესახებ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას გამომცემლებისა და წიგნების ავტორების პროტესტი მოჰყვა. საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის მცდელობისთვის, გამომცემლებისა და ავტორების ნაწილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის კანცელარიაში, ნაწილმა კი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ დირექტორი ლაშა ბერაია აღნიშნავდა, რომ ეს გადაწყვეტილება საგამომცემლო ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა. ბაკურ სულაკაური კი ამბობდა, რომ სახელმძღვანელოები მათი შემოსავლების მესამედს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გაყიდვები სამჯერ შემცირდებოდა. იგი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ინიციატივას მიესალმებოდა, თუმცა არა სხვისი საკუთრების წართმევის ხარჯზე.
გამომცემლობებისადმი განათლების მაშინდელი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის, პასუხი ასეთი იყო: „გამოსცენ კლასიკა და გაყიდონ ეს წიგნები. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დაზოგილი 150 ლარიდან მშობლები უყიდიან შვილებს წიგნებს. გამოსცენ „სამი მუშკეტერი“, „სამი ამხანაგი“ და „აივენჰო“, „სამი გოჭი“. მერე მივა მშობელი და რომელიმეს უყიდის“.
უფასო სახელძღვანელოების თემა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საგანიც გახდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით კორუფციული გარიგების ნიშნებზე მიუთითებდა. მისივე თქმით, უფასო სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების სტამბებში დაიბეჭდებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა მაინც ამოქმედდა და 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს სახელმწიფომ უფასო სახელმძღვანელო გადასცა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლეებისათვის სასწავლო წიგნების უფასოდ გადაცემასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შეიქმნა, რაც მშობლებისათვის ბავშვის მიერ სახელმძღვანელოს დაზიანების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების ვალდებულებაში გამოიხატება. უფრო კონკრეტულად კი მოსწავლისათვის სახელმძღვანელოს გადაცემის მომენტში, მშობელსა და სკოლას შორის მიღება-ჩაბარების აქტის სახით ერთგვარი ხელშეკრულება ფორმდება, რომელიც ყველა იმ პირობასა და უფლება-მოვალეობებს არეგულირებს, რომლებიც მშობელსა და სკოლას შორის წარმოიქმნება. ხელშეკრულების საფუძველზე, მოსწავლის მიერ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმის დარღვევისა და მისი განზრახ ან/და სრულად განადგურების შემთხვევაში მშობლის წინაშე ზარალის ანაზღაურების ვალდებულება დგება.
უფასო სახელმძღვანელოების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის დეტალებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს #103/ნ ბრძანება არეგულირებს. ბრძანებაში განმარტებულია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი სკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები კი შემდეგია: ა) ყდის მდგომარეობა; ბ) სახელმძღვანელოს სისუფთავე; 3) სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. ბრძანების თანახმად, მოსწავლეს გამოსაყენებლად უნდა გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუკი მისი მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა შეადგენს 8 ქულას ან მასზე ნაკლებია. ბრძანების საფუძველზე მოსწავლე ვალდებულია: სახელმძღვანელო მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენოს, შეინარჩუნოს წიგნის მთლიანობა, გაუფრთხილდეს სახელმძღვანელოს, არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს ჩანაწერები და სხვა. აგრეთვე სკოლას წიგნი დაუბრუნოს არანაკლებ მინიმუმ 9 ქულით შეფასებულ კონდიციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, რომ დაზიანებული სახელმძღვანელო იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი ჩაანაცვლოს.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუკი მოსწავლეები სახელმძღვანელოებს 9-ქულიან მდგომარეობაში დააბრუნებენ, მომდევნო წელს ყველა ასეთი წიგნი დიდი ალბათობით სკოლას იმავე მდგომარეობაში ვერ დაუბრუნდება და, შესაბამისად, მომდევნო სასწავლო წლისათვის გამოსაყენებლად გამოუსადეგარი იქნება. ამ ეტაპზე არ ჩანს, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში – ანაზღაურების ვალდებულებას მშობელს დააკისრებს, თუ სახელმძღვანელოს თავად დაბეჭდავს და ახლით თავადვე ჩაანაცვლებს.
სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, უფასო სახელმძღვანელოების თემა კვლავ გააქტიურდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბის“ ხელმძღვანელის, დიმიტრი შაშკინის, განმარტებით, თავად განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო სახელმძღვანელოების 60% მეორადი გამოყენებისათვის გამოუსადეგარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლებს დაზიანებული წიგნების ახლით ჩანაცვლება მოუწევთ. გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი, კახა კუდავა სახელმძღვანელოების მასშტაბურად დაზიანებას ხარისხს უკავშირებს და განმარტავს, რომ უფასო სახელმძღვანელოები არსებულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და მათი დაზიანების ალბათობა იმთავითვე დიდი იყო. განათლების სამინისტრო კი პირიქით, სახელმძღვანელოების ხარისხს უსვამს ხაზს, არც არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბის“ მიერ დასახელებულ კვლევის შედეგებს ადასტურებს და ამბობს, რომ 5 მაისის მდგომარეობით, 2 -12 კლასში ვარგისია სახელმძღვანელოების 76%, პირველ კლასში კი – 35%.
უფასო სახელმძღვანელოების დარიგების საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბრობენ განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტებიც. მათი განმარტებით, წარსულში მსგავსი პრაქტიკის დანერგვის მცდელობა ბევრ ქვეყანაში იყო, თუმცა არსად გაამართლა. იმავეს ადასტურებს სკოლა „ლოგოსის“ დირექტორი, გია მურღულიაც. ზოგადად მასშტაბური უფასო პროგრამების განხორციელებას, რომლებშიც ფინანსური თვალსაზრისით სახელმწიფოს როლი და ჩართულობა დიდი იქნება, უარყოფითად აფასებენ ეკონომიკური ლიბერალიზაციის მომხრეები. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ნაბიჯები ხელს უშლის ეკონომიკის გაჯანსაღებას, აფერხებს ზრდის ტემპს და კლავს კონკურენციას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალი სავაჭრო გარემოს განვითარებისათვის.
აღმოჩნდება თუ არა საქართველო პირველი ქვეყანა, სადაც უფასო სახელმძღვანელოების პრაქტიკა გაამართლებს და მოუწევს თუ არა მთავრობას მისსავე ინიციატივაზე უარის თქმა, ამას დრო გვიჩვენებს. არსებული სურათი კი ასეთია – განათლების სამინისტრო პროგრამის შეწყვეტას არ აპირებს და მომავალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნებს უფასოდ კვლავ შესთავაზებს. ჯერჯერობით საუბარი არ არის იმაზე, თუ რა დაუჯდება სახელმწიფოსა და თითოეული ოჯახის ბიუჯეტს აღნიშნული პროგრამის გაგრძელება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ზარალზე, რომელიც გამომცემლებმა გასულ წელს მიიღეს და არ არის გამორიცხული, რომ წელსაც იმავე საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.