ფოტო: ilkha.com
აშშ 22 ივლისიდან ბრაზილიიდან იმპორტირებული პროდუქციის უმეტეს ნაწილზე 25%-იან ტარიფს აამოქმედებს. ამის შესახებ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) ოფისმა განაცხადა. ეს პირველი გადაწყვეტილებაა დონალდ ტრ ამპის ადმინისტრაციის ახალი სატარიფო სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მომავალში შესაძლოა ათეულობით ქვეყანაზეც გავრცელდეს.
ახალი პროგრამა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპის სატარიფო სისტემის მთავარი მექანიზმი გააუქმა. ადმინისტრაცია ახლა ტარიფების დაწესებისთვის აშშ-ის სავაჭრო აქტის 301-ე მუხლით გათვალისწინებულ გამოძიებებს იყენებს, რომლებიც სავარაუდო არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკას ეხება.
ამ დროისთვის USTR-ს დაახლოებით 80 სავაჭრო გამოძიება აქვს დაწყებული. ახალი ტარიფები შესაძლოა მომავალში ჩინეთს, ევროკავშირს, ინდოეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და მექსიკასაც შეეხოს.
ბრაზილიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ივნისში გამოქვეყნებული წინადადება, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი ბრაზილიას ციფრული ვაჭრობის, ტყის უკანონო გაჩეხვისა და სხვა საკითხებში არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას ედავება.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯემისონ გრირის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა პრობლემები ვერ მოაგვარა, თუმცა ვაშინგტონი დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გადაწყვეტილებას „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიღებული“ უწოდა. მისი თქმით, ბრაზილია დაუყოვნებლივ გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს და დავას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) დავების გადაწყვეტის მექანიზმშიც განიხილავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი პასუხისმგებლობა ლულას ხელისუფლებას დააკისრა და განაცხადა, რომ ბრაზილია კეთილსინდისიერად არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მისი თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებზე წინ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები დააყენა, რის შედეგადაც ტარიფები გარდაუვალი გახდა.
25%-იანი ტარიფი გავრცელდება ბრაზილიიდან იმპორტირებული ათასობით დასახელების პროდუქციაზე, მათ შორის შაქარზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, ტანსაცმელზე, ელექტრომოწყობილობებზე, ქაღალდსა და ფოლადზე.
ამასთან, ტარიფებისგან გათავისუფლდება საქონლის ნაწილი, მათ შორის საქონლის ხორცი, ყავა, იშვიათი მიწათა ელემენტები, ენერგოპროდუქტები, თვითმფრინავები და მათი ნაწილები. გამონაკლისების სიას ასევე დაემატა ორგანული თაფლი, თუჯი, უშაქრო ხსნადი ყავა და კიდევ რამდენიმე პროდუქტი.
გასული წლის ივლისში დაწყებულ გამოძიებაში აშშ ბრაზილიას ტყის უკანონო გაჩეხვასა და ქვეყნის მყისიერი გადახდების სისტემის — Pix-ის გამოყენებასაც ედავება, რომელიც, ვაშინგტონის შეფასებით, საკრედიტო ბარათების კომპანიებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს. ბრაზილია ყველა ბრალდებას უარყოფს.
ამასთან, ბრაზილია ჩართულია კიდევ ერთ, 301-ე მუხლის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებაში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მიწოდების ჯაჭვებში იძულებითი შრომის შესაძლო გამოყენებას ეხება. გამოძიების დასრულება 24 ივლისს არის დაგეგმილი.
თუ აღნიშნული გამოძიების შედეგად დამატებით 12.5%-იანი ტარიფიც დაწესდება, ბრაზილიური პროდუქციის საერთო სატარიფო ტვირთი აშშ-ის ბაზარზე 37.5%-ს მიაღწევს.












