ფოტო: Getty Images
45 ქვეყნიდან ჩასული 144 უცხოეთში დაბადებული აშშ-ის მოქალაქე ამჟამად ქვეყნის მილიარდერთა სიმდიდრის მეოთხედს ფლობს.
Forbes-მა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკაში მცხოვრები უმდიდრესი იმიგრანტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. 2026 წლის მონაცემებით, აშშ-ში რეკორდული რაოდენობის – 144 უცხოეთში დაბადებული მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონება 2.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
გასულ წელს რეიტინგში 125 მილიარდერი იყო წარმოდგენილი, რომელთა ქონება ჯამში 1.3 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. დღეს მილიარდერი იმიგრანტები ამერიკის მილიარდერთა საერთო რაოდენობის თითქმის 15%-ს შეადგენენ და მათი ჯამური ქონების დაახლოებით მეოთხედს ფლობენ.
რეიტინგის სათავეში კვლავ სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ილონ მასკია, რომლის ქონება Forbes-ის შეფასებით, 927 მილიარდ დოლარს აღწევს. მას მოსდევს Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი 272 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე Nvidia-ს თანადამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგია, რომლის ქონება 176 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
Forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის სიაში აშშ-ში მცხოვრები სამი იმიგრანტია – ილონ მასკი, სერგეი ბრინი და ჯენსენ ჰუანგი. მათი ჯამური ქონება ამერიკაში მცხოვრები მილიარდერი იმიგრანტების მთლიანი სიმდიდრის 60%-ზე მეტს შეადგენს.
2026 წლის რეიტინგში მილიარდერები მსოფლიოს 45 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან არიან წარმოდგენილი, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 42 იყო. წელს სიას პირველად შეუერთდა ჰაიტი, ფილიპინები, პოლონეთი და ესპანეთი, ხოლო გვატემალა რეიტინგს მიღმა დარჩა მას შემდეგ, რაც Duolingo-ს თანადამფუძნებელმა ლუის ფონ ანმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა.
ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი მილიარდერი კვლავ ინდოეთში დაბადებულებს შორისაა – წელს მათი რაოდენობა რეკორდულ 19-მდე გაიზარდა. მეორე ადგილს 11-11 მილიარდერით ისრაელი და ტაივანი ინაწილებენ.
Forbes-ი აღნიშნავს, რომ ამერიკის უმდიდრესი იმიგრანტების დიდი ნაწილი აშშ-ში თავდაპირველად განათლების მისაღებად ან სამუშაო გამოცდილების დასაგროვებლად ჩავიდა, თუმცა მოგვიანებით სწორედ იქ შექმნეს საკუთარი კომპანიები. მისი შეფასებით, მიუხედავად ბოლო წლებში გამწვავებული პოლიტიკური დებატებისა, აშშ კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ გარემოდ ინოვაციური ბიზნესისა და ახალი კომპანიების დასაფუძნებლად.
ამერიკის 10 უმდიდრესი იმიგრანტი 2026 წელს
| # | სახელი | ქონება | სიმდიდრის წყარო | ინდუსტრია | დაბადების ქვეყანა |
|---|---|---|---|---|---|
| 1 | ილონ მასკი | $927 მლრდ | Tesla, SpaceX | ტექნოლოგიები | სამხრეთი აფრიკა |
| 2 | სერგეი ბრინი | $272 მლრდ | ტექნოლოგიები | რუსეთი | |
| 3 | ჯენსენ ჰუანგი | $176 მლრდ | ნახევარგამტარები | ტექნოლოგიები | ტაივანი |
| 4 | ტომას პეტერფი | $107 მლრდ | საბროკერო მომსახურება | ფინანსები და ინვესტიციები | უნგრეთი |
| 5 | მირიამ ადელსონი და ოჯახი | $33.4 მლრდ | კაზინოები | აზარტული თამაშები და კაზინოები | ისრაელი |
| 6 | დევიდ სანი | $30.5 მლრდ | კომპიუტერული აპარატურა | ტექნოლოგიები | ტაივანი |
| 6 | ჯონ ტუ | $30.5 მლრდ | კომპიუტერული აპარატურა | ტექნოლოგიები | ჩინეთი |
| 8 | პიტერ ტილი | $27.9 მლრდ | Facebook, ინვესტიციები | ფინანსები და ინვესტიციები | გერმანია |
| 9 | რუპერტ მერდოკი და ოჯახი | $22.1 მლრდ | გაზეთები, სატელევიზიო ქსელები | მედია და გართობა | ავსტრალია |
| 10 | ადამ ფორუღი | $18.9 მლრდ | სარეკლამო ტექნოლოგიები | ტექნოლოგიები | ირანი |















