აშშ და ჩინეთი ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქებასა და სავაჭრო ზავის აღდგენაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქებასა და სავაჭრო ზავის აღდგენაზე შეთანხმდნენ

ლონდონში გამართული ორდღიანი სავაჭრო მოლაპარაკებებისას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები სავაჭრო ზავის აღდგენისა და ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. აშშ-ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, ოფიციალურმა პირებმა წინადადება დასამტკიცებლად ახლა უკვე თავიანთ ლიდერებს უნდა წარუდგინონ.

„თუ ეს დამტკიცდება, ჩვენ ჩარჩოს ამოქმედებას შევძლებთ“, – განაცხადა ლუტნიკმა ჟურნალისტებთან დამოუკიდებლად გამართულ ბრიფინგზე. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების არცერთ მხარეს შეთანხმების დეტალები არ გაუსაჯაროებია, ლუტნიკმა გაამხილა, რომ აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ იმ საქონლისა და ტექნოლოგიების კონტროლის გაუქმებაზე, რომლებიც ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Reuters-ის ცნობით, ლუტნიკმა ჩინეთის მიერ აშშ-ისთვის იშვიათი მიწა-მინერალების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, მიღწეული ჩარჩო-შეთანხმების „ფუნდამენტურ“ ნაწილად მოიხსენია. მისი განცხადებით, ჩინეთის მხრიდან შეზღუდვების დაწესებას მთელი რიგი ზომები მოჰყვა, რომლებიც, სავარაუდოდ, შემსუბუქდება, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „დაბალანსებული გზით“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ლონდონში მოლაპარაკებების დანიშვნამდე, სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი, რომელიც ძირითადად სავაჭრო ურთიერთობებს შეეხო, პრეზიდენტმა ტრამპმა დადებითად შეაფასა.

ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლობა ერთმანეთს მაისში, ჟენევაშიც შეხვდა. მოლაპარაკებებს, რომელსაც ტრამპმა „სრული გადატვირთვა“ უწოდა, ტარიფების დაწევა და 90-დღიანი ზავი მოჰყვა. ამჟამად, აშშ-ს ჩინურ პროდუქციაზე 30%-იანი ტარიფები, ხოლო პეკინს აშშ-ის იმპორტზე 10%-იანი გადასახადები აქვს დაწესებული.