აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი მიმართულების იმპლემენტაცია დაიწყო. ბაიდენის ინიციატივით, 2030 წლისთვის მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აშშ $42 მილიარდს დახარჯავს. აღნიშნული ინიციატივა 2021 წელს მიღებული $1-ტრილიონიანი ინფრასტრუქტურული კანონის შემადგენელი ნაწილია.
აშშ-ის შტატები აღნიშნულ ბიუჯეტს პროპორციულად გადაინაწილებენ. მაგალითისათვის, ტეხასი და კალიფორნია – აშშ-ის ორი ყველაზე მეტად დასახლებული შტატი – $3.1 და $1.9 მილიარდ დოლარს მიიღებენ. თუმცა ბიუჯეტის განაწილება მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაზე არ იქნება დამოკიდებული. მაგალითად, ვირჯინია, ალაბამა და ლუიზიანა ნაკლებად დასახლებული შტატები გახლავთ, თუმცა იმის გამო, რომ ინტერნეტზე წვდომა აქ სხვა შტატებთან შედარებით ნაკლებია, ბიუჯეტის განაწილების სიაში მაინც მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ამ შტატებში სასოფლო-სამეურნეო არეალების სიმრავლეა, სადაც, დიდი ქალაქებისაგან განსხვავებით, ინტერნეტის დაფარვა უფრო სუსტია.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გათვლებით, აშშ-ში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა დაახლოებით 8.5 მილიონ ლოკაციაზეა შეზღუდული. აშშ-ის მთავრობა კი ამის გამოსასწორებლად ისეთ კომპანიებთან ერთად იმუშავებს, როგორიცაა: Verizon-ი, Comcast-ი, Charter Communications-ი და AT&T-ი.
შესაბამისი გეგმის წარდგენის შემდეგ, შტატები დაფინანსების 20%-ს მიიღებენ. 2025 წელს გეგმების ფინალიზების შემდეგ კი დარჩენილი ბიუჯეტის გამოყენებასაც შეძლებენ.