აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოლაპარაკებების შემდეგ შემცირდა

აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოლაპარაკებების შემდეგ შემცირდა

24 ნოემბერს, საღამოს მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ გასულ კვირას ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შემცირდა. The Financial Times-ის ინფორმაციით, განახლებული გეგმა 19 პუნქტს შეიცავს.

ზელენსკის თქმით, გადამუშავებული ვერსია უკრაინის პოზიციას უფრო მეტად შეესაბამება. „ჟენევის შემდეგ, ამ ეტაპზე ნაკლები პუნქტია – აღარ არის 28 – და ამ გეგმაში ბევრი სწორი ელემენტია გათვალისწინებული“, – განაცხადა მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულმა თავდაპირველმა გეგმამ უკრაინასა და ევროპაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია რუსეთისთვის მნიშვნელოვნად ხელსაყრელი დებულებების გამო. მათ შორის გეგმაში გათვალისწინებული იყო უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობა და სამხედროების რაოდენობის შეზღუდვა.

ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რამდენ პუნქტს შეიცავს გადახედული გეგმა და არც ცვლილებების შესახებ დეტალები გაუზიარებია. მან შეთანხმების დასრულების პროცესი „ძალიან რთულად“ შეაფასა. უკრაინის პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ არსებობს „მგრძნობიარე საკითხები“, რომელთა განხილვასაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირისპირ შეხვედრისას აპირებს.

„ჩვენ ვზრუნავთ უკრაინის ინტერესებზე და ვიცავთ უკრაინელებს – ეს არის ჩვენი ძირითადი ჩარჩო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ. „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინასთან დგას და ყველაფერს აკეთებს მისი წარმატების უზრუნველსაყოფად“.