აშშ-ის პაუზის გამო, გერმანია უკრაინისთვის Patriot-ების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის პაუზის გამო, გერმანია უკრაინისთვის Patriot-ების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

მედიასააგენტო Reuters-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანა უკრაინისთვის Patriot-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. გერმანიამ მოლაპარაკებების დაჩქარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზოგიერთი იარაღის მიწოდება დროებით შეუჩერა.

„Patriot-ების ამ დეფიციტის შესავსებად სხვადასხვა გზა არსებობს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა. მან ასევე დასძინა, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, Patriot-ის თავდაცვის სისტემის შეერთებულ შტატებში შეძენა და შემდეგ მისი უკრაინისთვის გადაცემაა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამ თვის ბოლოს ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებები გამართოს. მისივე ინფორმაციით, დღის წესრიგში იქნება Patriot-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვის საკითხიც.

უკრაინა შიშობს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება – რომელიც Patriot-ის ტიპის 30 საჰაერო თავდაცვის რაკეტას შეეხება – მნიშვნელოვნად შეასუსტებს ქვეყნის შესაძლებლობას, რუსეთის მომატებული საჰაერო იერიშებისა და ფრონტზე წინსვლისგან თავი დაიცვას.

პენტაგონის გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ აშშ-ის სამხედრო მარაგები ზედმეტად შემცირებულია და ამ ეტაპზე შეერთებული შტატები საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული.