აშშ-მ ავღანეთის ცენტრალურ ბანკს 9.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა

აშშ-მ ავღანეთის ცენტრალურ ბანკს 9.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ავღანეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული 9.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები გაყინა. გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-მ დროებით შეაჩერა ავღანეთისათვის ფულის მიწოდების პროცესიც. თალიბანისათვის ფულთან წვდომის შესაზღუდად.

შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თალიბანისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება არც ერთი თეთრი, რომელიც ავღანეთის ცენტრალურ ბანკს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივების სახით აქვს შენახული. შეგახსენებთ, რომ ტერორისტული დაჯგუფება თალიბანი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულ დაჯგუფებათა სიაშია.

DA Afghan Bank-ის, სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, აჯმალ აჰმადის ტვიტერის პოსტით ირკვევა, რომ მან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პირველად პარასკევს მიიღო. თალიბანის მცდელობის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ფინანსური რესურსების დაუფლებასთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ფულის მიმოქცევის პროცესი შეაჩერა. ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების მოცულობა 9.5 მილიარდ აშშ დოლარს უდრის, მათი უმეტესობა კი ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვებისა და შეერთებულ შტატებთან აფილირებული ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშებზეა შენახული.

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები თალიბანს ნებისმიერი სახის ფინანსებზე წვდომას უზღუდავს. ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების უმეტესობა ამჟამად ავღანეთის ტერიტორიაზე არ ინახება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარისაგან თავს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თალიბანმა ქვეყანაზე კონტროლი სრულად დაამყარა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *