რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების ტრანსფერის ფასილიტატორობისათვის აშშ-მა რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიზანი ორ ქვეყანას შორის იარაღით ვაჭრობისათვის ხელის შეშლა და გამოაშკარავებაა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს მცდელობას, ხელი შევუშალოთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური ინფორმაციის საკითხებში აშშ-ის მთავარი ხაზინადრის მოადგილე ბრაიან ნელსონმა. მისი განმარტებით, აშშ კვლავაც პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს იარაღისა თუ სხვა ტექნოლოგიის რუსეთისთვის მიწოდებაში, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის მიმდინარეობას.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა განსაკუთრებით გაღრმავდა. ფხენიანი კრემლს წვრილ სამხედრო შეიარაღებასთან ერთად ბალისტიკურ რაკეტებსაც უგზავნის, რომელთაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისათვის იყენებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში უკვე 40 ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ფხენიანი კი რუსეთისაგან სანაცვლოდ სასურველი შეიარაღების მიღებას ელის.
აშშ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას გლობალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, პრევენციული ძალისხმევა გააძლიერონ.
სანქციები დაეკისრათ რუსეთის მოქალაქეებს, რაფაელ გაზარიანსა და ალექსეი ბუდნევს, ასევე სამ რუსულ კომპანიას: Trans Kapital LLC-ს, Rafort LLC-სა და Tekhnologiya OOO-ს.