აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. აშშ-სა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას ითვალისწინებს.

მხარეების განცხადებით, ე.წ. „123 შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებები ორშაბათს დასრულდა. შეთანხმება შეერთებულ შტატებს სხვა სახელმწიფოებისთვის ბირთვული ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ლიცენზირების უფლებამოსილებას მიანიჭებს.

ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, მცირე მოდულარულ რეაქტორებზე პრემიერ ფაშინიანთან მიღწეული შეთანხმება სომხეთში აშშ-ის 9 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიციას უხსნის გზას. ეს მოიცავს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული ტექნოლოგიის ექსპორტს და დამატებით 4 მილიარდ აშშ დოლარს საწვავისა და ტექნიკური მომსახურების გრძელვადიანი კონტრაქტების სახით.

ახალი შეთანხმება მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რომელიც რუსეთის მიერ აშენებული მოძველებული ატომური ელექტროსადგურის, მეწამორის, ალტერნატივას ეძებს. ამის მიუხედავად, შეთანხმების პირობები ერევანს აშშ-სგან ბირთვული რეაქტორის შეძენას არ ავალდებულებს; სამაგიეროდ, ქვეყანას საშუალებას უტოვებს, ვარიანტები აირჩიოს სიიდან, რომელიც ამერიკულთან ერთად მოიცავს რუსულ, ჩინურ, ფრანგულ და სამხრეთკორეულ კომპანიებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მისი სამხრეთკავკასიური ტურნე აზერბაიჯანში ვიზიტსაც ითვალისწინებს. ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი ექვსი თვის თავზე შედგა მას შემდეგ, რაც 2025 წლის აგვისტოში მეზობელ ქვეყნებს შორის 40-წლიანი დაპირისპირების დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა.­