აშშ-მა სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმები განახორციელა

აშშ-მა სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმები განახორციელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მასშტაბური საპასუხო იერიში განახორციელა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ოპერაცია ტერორისტების ინფრასტრუქტურის, იარაღის საწყობებისა და მებრძოლების განადგურებას ისახავადა მიზნად.

როგორც ცნობილია, იერიში სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 70-ზე მეტ სამიზნეზე განხორციელდა. ოპერაციაში ამერიკული F-15 და A-10 ტიპის გამანადგურებლები, Apache-ის ვერტმფრენები და HIMARS-ის სარაკეტო სისტემები მონაწილეობდა. იერიშის დროს ამერიკელებს იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალებიც ეხმარებოდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპერაციას „მასშტაბური დარტყმა“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიის ახალი მთავრობა აშშ-ის ქმედებებს სრულად უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ ეს სამხედრო ოპერაცია იყო პასუხი 13 დეკემბერს ქალაქ პალმირაში მომხდარ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ორი ამერიკელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო თარჯიმანი დაიღუპა, ხოლო სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების წევრი იყო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიას იზიარებდა. სირიას ამჟამად ყოფილი ამბოხებულები მართავენ, რომლებმაც გასულ წელს ბაშარ ასადის რეჟიმი 13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ დაამხეს. ქვეყნის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მათი პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლაში ურყევია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა სირიის ტერიტორია ISIS-ისთვის „უსაფრთხო თავშესაფრად“ არ დარჩეს.

აშშ-სა და სირიის ახალ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა მას შემდეგ გაღრმავდა, რაც პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გასულ თვეში თეთრ სახლს ეწვია. ამ დროისთვის სირიაში კვლავ რჩება დაახლოებით 1 000 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც ადგილობრივ ძალებთან ერთად ტერორისტული დაჯგუფებების დარჩენილი ნაწილის წინააღმდეგ ოპერაციებს აგრძელებენ.