აშშ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის უსაფრთხოების დაფინანსებას შეამცირებს - Reuters

აშშ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის უსაფრთხოების დაფინანსებას შეამცირებს - Reuters

ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ისთვის ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატები იმ ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების სექტორში მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, შეამცირებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის „ამერიკა პირველ ყოვლისა“ აღსრულების მორიგი ნაბიჯია. აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა უცხოური დახმარების პროგრამების ნაწილი მნიშვნელოვნად შეამცირა, რათა ევროპულ სახელმწიფოებს უბიძგოს, რომ საკუთარი სამხედრო ხარჯები თავად გასწიონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილება ბალტიისპირულ ქვეყნებს, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს შეეხება. აშშ-ის კონგრესმა მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში დაფინანსების გამოყოფას მხარი დაუჭირა, თუმცა მხოლოდ 2026 წლის სექტემბრამდე. Financial Times-ის ინფორმაციით კი, დონალდ ტრამპს აღნიშნული პროგრამის გაგრძელება არ მოუთხოვია. ამ მხარდაჭერას ქვეყნები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან იღებენ.

საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად Reuters-მა თეთრ სახლს მიმართა, თუმცა სანაცვლოდ დონალდ ტრამპის მიერ ოფისის დაკავებიდან მალევე მიღებულ აღმასრულებელ ბრძანებაზე მიანიშნეს, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების რეორგანიზებას ითვალისწინებს.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას კრიტიკით უპასუხა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. „აზრს მოკლებულია ჩვენი მოკავშირეების თავდაცვითი მზადყოფნის შემცირება იმ დროს, როდესაც ჩვენ მათ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ვთხოვთ. ეს ამერიკელ სამხედროებს რისკის ქვეშ აყენებს, რადგან ჩვენ ვამცირებთ იმ მოკავშირე სამხედროების წვრთნას, რომელთა გვერდითაც ისინი იბრძვიან“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.