რკინიგზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტრატეგიული სფეროა. მისი განვითარების ტემპები სხვა ინდუსტრიებთან შედარებით შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა, ბოლო დროს, ლოკომოტივების მწარმოებელი და რკინიგზის კომპანიები რევოლუციურ გარდაქმნაზე ალაპარაკდნენ.
საავტომობილო სფეროში არსებული ელექტრიფიკაციის ტენდენცია, როგორც ჩანს, სარკინიგზო სექტორსაც გადასწვდა. ენერგოეფექტურობის მისაღწევად და ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის შესამცირებლად, მწარმოებლები ელექტრომატარებლის კონცეფციის განვითარებას ცდილობენ. ელექტროძრავების მქონე მატარებლებს ისეთი სიმძლავრის გამომუშავება შეეძლებათ, რომ პატარა ქალაქების ენერგომომარაგებასაც შეძლებენ.
ელექტრომატარებლებით უკვე შეერთებული შტატების არაერთი სარკინიგზო გაერთიანება დაინტერესდა. მაგალითისათვის, Union Pacific-მა Wabtec-ისა და Progress Rail-ისაგან 100 მილიონ აშშ დოლარად, 20 ელექტროძრავის მქონე ლოკომოტივი და დასამუხტი სისტემა შეიძინა, რაც ინდუსტრიაში ამ დრომდე განხორციელებული ყველაზე დიდი შესყიდვაა.
მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიცია ხორციელდება ავტომწარმოებლების მიერ ელექტრომობილების განვითარებაშიც. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ტენდენცია რკინიგზის სექტორში პირდაპირპროპორციულად აისახება. ლოკომოტივების წონისა და მისი დაძვრისათვის საჭირო სიმძლავრის გათვალისწინებით ეს ინდუსტრია უფრო ფრთხილ და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ინდუსტრიის სრული ელექტრიფიკაცია ახლო პერსპექტივას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიური განვითარების ტემპებს, პროცესის დაჩქარების იმედიც უნდა ვიქონიოთ.
ელექტრომატარებლების ხილვა მნიშვნელოვნად შეამცირებს გამონაბოლქვს და ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ძლიერი იარაღი იქნება.