რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად სამხედრო კომპანიების აქციათა ფასები იზრდება

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად სამხედრო კომპანიების აქციათა ფასები იზრდება

ანალიტიკოსების პროგნოზით, უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ ქვეყნების მიერ გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტების გამო, ამერიკული საავიაციო და თავდაცვის კომპანიების აქციათა ფასები ზრდას კვლავ განაგრძობს. ცნობისათვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად სამხედრო კომპანიების აქციების ფასები მოკლე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა.

მაგალითისათვის, Raytheon Technologies-ის აქციების ფასი ბოლო ათი დღის განმავლობაში 8%-ით, General Dynamics-ის 12%-ით, Huntington Ingalls Industries-ის 14%-ით, Lockheed Martin-ის 18%-ით, ხოლო Northrop Grumman-ის 22%-ით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და მისი დასავლელი პარტნიორები ომში სამხედრო ძალით არ ერთვება, ისინი აგრესორთან გასამკლავებლად უკრაინას დიდი რაოდენობით შეიარაღებას აწვდის. მათი უმეტესობა კი Raytheon-ისა და Lockheed Martin-ის მსგავსი სამხედრო-ინდუსტრიული კომპანიების მიერ შექმნილ პროდუქციას წარმოადგენს.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა გრძელვადიან პერიოდში სამხედრო კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად აისახება. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც ნატო აღმოსავლეთ ევროპაში წევრი ქვეყნების საზღვრებთან სულ უფრო დიდი რაოდენობით სამხედრო კონტიგენტის მობილიზებას ახდენს. გარდა ამისა, უკვე არაერთი სახელმწიფოს თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს.

ასეთ სახელმწიფოთა რიგებს გერმანია და იაპონია მიეკუთვნებიან. გერმანელები საკუთარ თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ს 2%-მდე გაზრდიან, იაპონელები კი თავდაცვაზე 1960 წლის შემდეგ პირველად მშპ-ს 1%-ზე მეტს დახარჯავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *