აშშ-ში კრიპტო-ბირჟა BINANCE-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ში კრიპტო-ბირჟა BINANCE-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კრიპტო-ბირჟა Binance-ის წინააღმდეგ გამოძება დაიწყო.

მარეგულირებლების წინასწარი შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ 2017 წელს Binance-ის მიერ საერთაშორისო ბირჟაზე განთავსებული კრიპტოვალუტა BNB რეალურად ფასიანი ქაღალდი (security) იყო, კომპანიას კი მის განსათავსებლად კომისიისგან სპეციალური ნებართვა არ მიუღია, რითაც დაირღვა აშშ-ის კანონმდებლობა.

საქმე იმაშია, რომ უზენაესი სასამართლოს 1946 წლის გადაწყვეტილებით, ფასიან ქაღალდად განიხილება ის აქტივი თუ კონტრაქტი, რომელსაც ინვესტორები სამომავლო მოგების მიზნით ყიდულობენ, კომპანია კი ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს ბიზნესის გასავითარებლად ან ახალი პროექტების შესაქმნელად იყენებს.

SEC-ის შეფასებით, კრიპტოვალუტა BNB, რომელიც კომპანია Binance-მა გამოუშვა, სწორედ აღნიშნული მიზნებით იქნა გამოყენებული. საგულისხმოა, რომ ამ ფაქტს არც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა უარყოფს. მათი განმარტებით, BNB-ის გაყიდვებით შემოსული თანხის ნაწილი Binance-ის მთავარი პროდუქტის – კრიპტოვალუტების სავაჭრო ბირჟის განვითარებას მოხმარდა, დანარჩენი ნაწილი კი კომპანიის სარეზერვო ფონდში განთავსდა.

BNB-ის გამოშვების რეალური მიზანი 2017 წელს ინვესტორებისთვისაც ცნობილი იყო და მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ კონკრეტული კრიპტოვალუტის შეძენით ისინი არაპირდაპირი გზით შეძლებდნენ კომპანია Binance-ში ინვესტიციის განხორციელებას. გასათვალისწინებელია, რომ თავად Binance კერძო კომპანიაა და ის საფონდო ბირჟაზე არ არის განთავსებული, შესაბამისად, მისი აქციების შეძენისა თუ მასში ლეგალური გზებით ინვესტირების საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს, თუ მის მიერ გამოშვებულ კრიპტოვალუტა BNB-ის არ ჩავთვლით.

გასული წლის ნოემბერში BNB-ის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ 110 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც, შესაძლოა, განხილული იქნეს კომპანია Binance-ის არაოფიციალურ საბაზრო ღირებულებად.

მარეგულირებელი კომისიის მტკიცებით, BNB-ის გამოშვებით Binance-მა თავი აარიდა იმ სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც თან ახლავს ბირჟაზე კომპანიის აქციების ოფიციალურად განთავსებას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს კანონდარღვევას.

აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია არ არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც Binance-ის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო-ბირჟის საქმეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია და შემოსავლების სამსახურიც განიხილავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.