აშშ-ში რადიაციის საწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური ტესტირება იწყება

აშშ-ში რადიაციის საწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკური ტესტირება იწყება

ამერიკის შეერთებულ შტატებში რადიაციის საწინააღმდეგო პრეპარატის, HOPO 14-1-ის კლინიკური გამოცდა იწყება. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტს, რომლის ტაბლეტის სახით მიღებაა შესაძლებელი, ბირთვული დაბინძურების შემთხვევაში, ადამიანის რადიაციისგან დაცვისა და ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოდევნის პოტენციალი აქვს.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც ცნობილია, HOPO 14-1 ეფექტიანია ურანისა და სხვა ნივთიერებების ზემოქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც ბირთვულ იარაღში, მათ შორის ე.წ. ბინძურ ბომბებსა და ბალისტიკურ რაკეტებში გამოიყენება.

კომპანია HOPO Therapeutics-ის მედიკამენტის კლინიკური გამოცდა მისი უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარდება და ტესტირებაში მონაწილეობას 42 ცდისპირი მიიღებს. წინასწარი ცნობით, კვლევის შედეგები 2024 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მოცემული დროისთვის, რადიაციის ქვეშ მყოფი ადამიანების სამკურნალოდ რამდენიმე საშუალება გამოიყენება. მათ შორის დიეთილენტრიამინის პენტააცეტატით (DTPA) დამზადებული ნაერთი. HOPO Therapeutics-ის განცხადებით, ეს DTPA მოლეკულები რადიაციული ელემენტების გამოდევნასთან ერთად ორგანიზმისთვის აუცილებელ იონებსაც (როგორიცაა თუთია და მაგნიუმი) გამოდევნიან. მათივე თქმით, ამ პრობლემის აღმოფხვრა სწორედ HOPO 14-1-ს შეუძლია.

ორგანიზმიდან რადიაციის გამოსადევნად აქტიურად გამოიყენება იოდის ტაბლეტებიც. იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი სხეულიდან რადიოაქტიური იოდის ეფექტიანად გამოდევნის საშუალებას იძლევა, ის პრობლემის სრულად აღმოფხვრას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, HOPO 14-1 შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო საშიში ელემენტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ვიდრე იოდია,  მაგალითად, პლუტონიუმის, ამერიციუმისა და კიურიუმის.