სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა გაიზარდა - რომელ ქვეყნებშია შენარჩუნებული სასჯელის უმაღლესი ფორმა?

სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა გაიზარდა - რომელ ქვეყნებშია შენარჩუნებული სასჯელის უმაღლესი ფორმა?

Amnesty International-ის მონაცემებით, სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა უკანასკნელი ხუთი წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ადამიანთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს სიკვდილის დასჯის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 53%-ით გაიზარდა. ჯამში, გასულ წელს მსოფლიოს ცხრამეტ ქვეყანაში სიკვდილით 883 ადამიანი დასაჯეს.

თუმცა სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან Amnesty International-ის ანგარიში არ მოიცავს ჩინეთს, სადაც სიკვდილით დასჯის შესახებ მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი ათასობით ადამიანისთვის იქნა გამოტანილი. სახელმწიფოთა შემზღუდველი პოლიტიკიდან გამომდინარე რთულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვაც.

ჩინეთის გარეთ, მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ცნობილი შემთხვევების 90% სამ ქვეყანაზე მოდის, ესენია: ირანი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე. ირანში სიკვდილით დასჯა, 2021 წლის 314 შემთხვევიდან, 2022 წელს 576 შემთხვევამდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი, 196 შემთხვევამდე გასამმაგდა საუდის არაბეთში, ხოლო ეგვიპტეში პირიქით, 2021 წლის 83-დან 24 ადამიანამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სიკვდილით ცამეტი ქალი დასაჯეს, თორმეტი მათგანი ირანში, ხოლო ერთი – საუდის არაბეთში.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემით, გასულ წელს, სიკვდილით დასჯის ცნობილი შემთხვევებიდან 40% ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე მოდიოდა. Amnesty International-ის მიერ აღრიცხულ სულ მცირე ოთხ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, საუდის არაბეთში, ირანსა და სინგაპურში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ჯამში 325 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

სიკვდილით დასჯა ყველა ტიპის დანაშაულისთვის, 2022 წელს ოთხ ქვეყანაში: ყაზახეთში, პაპუა-გვინეაში, სიერა-ლეონესა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაუქმდა. მიუხედავად ამისა, გასულ წელს სიკვდილით დასჯის გამოყენება განახლდა ხუთ ქვეყანაში: ავღანეთში, ქუვეითში, მიანმარში, პალესტინის ტერიტორიებსა და სინგაპურში.

შედეგად, Amnesty International-ის მონაცემებით, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, 112-მდე გაიზარდა. დამატებით ცხრა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია დანაშაულებისთვის, რომლებიც არ ჩადენილა ომის დროს, ათ ქვეყანაში კი სასჯელის უმაღლესი ფორმა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა უკანასკნელი ათწლეულია, არ აღსრულებულა.

Amnesty International-ის მიერ აღრიცხულ ქვეყნებში გასულ წელს სიკვდილით დასჯის შემთხვევები შემდგომ სახელმწიფოებში დაფიქსირდა:

  1. ჩინეთი – 1,000+ ადამიანი,
  2. ირანი – 576+ ადამიანი
  3. საუდის არაბეთი – 196 ადამიანი
  4. ეგვიპტე – 24 ადამიანი
  5. ამერიკის შეერთებული შტატები – 18 ადამიანი
  6. ერაყი – 11+ ადამიანი
  7. სინგაპური – 11 ადამიანი
  8. ქუვეითი – 7 ადამიანი
  9. სომალი – 6+ ადამიანი
  10. სამხრეთი სუდანი – 5+ ადამიანი
  11. პალესტინა – 5 ადამიანი
  12. იემენი – 4+ ადამიანი
  13. ბანგლადეში – 4 ადამიანი
  14. მიანმარი – 4 ადამიანი
  15. ბელარუსი – 1 ადამიანი
  16. იაპონია – 1 ადამიანი
  17. ავღანეთი, ჩრდილოეთი კორეა, სირია, ვიეტნამი