ივნისში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.9%-ით გაიზარდა. მაისში იგივე მაჩვენებელი 0.6% იყო. შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ეს ყველაზე დიდი ყოველთვიური ცვლილებაა 2008 წლის ივნისის შემდეგ.
უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი შეერთებულ შტატებში 5.4 პროცენტით გაიზარდა, რაც ასევე ყველაზე დიდი წლიური მატებაა 2008 წლის შემდეგ. ფასების ინდექსის განსაკუთრებული მატება იანვრის მერე დაიწყო. ამ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ინდექსის მატების ყოველწლიური მაჩვენებელი 1.4%-ს უტოლდებოდა.
მცირე ინფლაცია სახელმწიფოს ეკონომიკისათვის დადებითი შედეგების მომტანია. სტაბილური ინფლაცია მომხმარებლებს აიძულებს, მათთვის სასურველი და საჭირო პროდუქცია და საქონელი ახლავე იყიდოს და არ მეტ დანაზოგზე არ იზრუნოს ფასების დაცემის მოლოდინში. თუმცა ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს ეკონომიკასთვის მკვეთრად უარყოფითი შედეგები მოაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მონეტარული პოლიტიკის საშუალების საპროცენტო განაკვეთიც იზრდება. ეს ყველაფერი კი აფერხებს სახელმწიფოს ეკონომიკის გაჯანსაღებას და პანდემიის შედეგებისაგან თავის დაღწევის პროცესს.
შეერთებულ შტატებში ინფლაციის შედეგებთან დაკავშირებით ეკონიმისტების ორი ბანაკი არსებობს. ერთნი მიიჩნევენ, რომ ინფლაციის აღნიშნული ტემპი მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და ეკონომიკის გაჯანსაღების თანამდევი პროცესია. ხოლო მეორე ბანაკს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ქმედებები დაგვიანებულია და ინფლაცია უახლოეს მომავალში ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანს.