ამერიკის შეერთებულ შტატებში, საშუალოდ საკვების თითქმის 40% ფუჭდება, რაც ყოველწლიურად $400 მილიარდზე მეტის ეკვივალენტურია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალოსტატისტიკური სურსათის მწარმოებელი კვირაში $5,000-დან $10.000-მდე ღირებულების საკვებს ყრის. მაგალითისთვის, Kroger-ისთვის, სასურსათო ნარჩენები, $140-მილიარდიანი წლიური გაყიდვებიდან – 4%-ს, შესაბამისად, $5.6 მილიარდს უტოლდება. ნაწილის ხარჯი 5-7%-საც კი აღწევს, ისინი კი, ვინც ორნიშნა ციფრებს უახლოვდებიან, მალევე გაკოტრების საფრთხის წინაშე დგებიან.
Refed-ის მონაცემებით, 2021 წელს, საკვები ნარჩენების პრობლემის გადასაწყვეტად კომპანიებმა რეკორდული, $2 მილიარდზე მეტის ინვესტიცია განხორციელეს. თუმცა არსებულ მდგომარეობას ერთვის საკვები ნარჩენების ეკოლოგიური ხარჯებიც, რასაც ნაგავსაყრელზე მეთანისა და სათბური აირების ემისიები ქმნის. EPA-ს შეფასებით, წლიურად აშშ-ის სურსათის დანაკარგი და ნარჩენები 180 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტურ სათბური აირების ემისიაზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ გლობალურად, საკვები ნარჩენები სათბური ემისიების 8%-ს წარმოქმნიან.
თუმცა მთავარი პრობლემა საკვები ნარჩენების კლასიფიცირებას ეხება, რადგან კომპანიების ნაწილმა არც კი იცის, რეალურად რა მოცულობის საკვებს ყრიან. „შიდა შემოსავლების სამსახური“ საკვების ნარჩენებს საგადასახადო დანაქვითად აღიქვამს, შედეგად, საბოლოოდ მაინც გაურკვეველი რჩება გამოქვითვების რა პროცენტია დაკავშირებული რეალურად საკვების ნარჩენებთან და რას აქვეყნებენ თავად კომპანიები.