ასჯერ გაგონილი VS ერთხელ გაზომილი

ასჯერ გაგონილი VS ერთხელ გაზომილი

განვითარებულ ბაზრებზე სიმდიდრე იზომება. განვითარებად ბაზრებზე სიმდიდრეს ვარაუდობენ. გაზომვასა და ვარაუდს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია. ამ სხვაობაში გამოსჭვივის, თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა და როგორ მიმოიქცევა კაპიტალი. მასში იკითხება ძალაუფლება და გავლენა.  

სადაც კაპიტალის დინება უხილავია, ბაზარი ნაკლებად პროგნოზირებადია, კონკურენცია – ნაკლებად გამჭვირვალე, ეკონომიკურ შედეგებზე კი ნაკლები ანგარიშვალდებულება არსებობს. სხვაობა გაზომილსა და ნავარაუდებს შორის არა ტექნიკური დეტალი, არამედ ინსტიტუციური არჩევანია. გაზომვა მხოლოდ ტექნიკური პროცედურა არ არის. გაზომვა საჯარო სიკეთეა. როცა გადაწყვეტილებები არ ეფუძნება მონაცემებს, ცხოვრება აღქმებით იმართება. აღქმები კი შესაძლოა მცდარი იყოს.

საქართველოში, ისევე როგორც პატარა, განვითარებადი ეკონომიკების უმრავლესობაში, სიმდიდრეზე საუბრობენ, მაგრამ მას არ ან ვერ ზომავენ. მის ხილვადობას ნაწილობრივ ეკონომიკური თუ პოლიტიკური გავლენა უზრუნველყოფს. თუმცა კერძო კაპიტალის სტრუქტურა – ვინ რას ფლობს, სად იქმნება ღირებულება, როგორ არის კონცენტრირებული რესურსები – ძირითადად სისტემური ანალიზის მიღმა რჩება. 

ასე იყო აქამდე. 

დღეს კი Forbes Georgia არსებობის თხუთმეტი წლის განმავლობაში პირველად წარმოგიდგენთ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგს. თქვენ წინაშეა სამეწარმეო კაპიტალის პირველი სტრუქტურული და სისტემური შეფასება, თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური ძალაუფლების პირველი კონსოლიდირებული სურათი. 

რიცხვები საყურადღებოა: რეიტინგში წარმოდგენილი ასეულის ჯამური ქონება ₾60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს თითქმის ქვეყნის ეკონომიკის 60%-ს უდრის და საქართველოს წლიურ ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით სამჯერ აღემატება.

საინტერესოა, რომ ეკონომიკურ ელიტაშიც კაპიტალი ისევე მკვეთრად კონცენტრირებულია, როგორც ეკონომიკაში: პირველი ათეული საერთო ქონების დაახლოებით 60%-ს აკონტროლებს, ხოლო პირველი ხუთეული – თითქმის ნახევარს. ჩანს, არა მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობაში, უმდიდრესთა ასეულშიც კი სიმდიდრე საკმაოდ არათანაბრადაა გადანაწილებული. 

თუ უმდიდრესთა სიაში წარმოდგენილ მეწარმეთა შესაბამის სექტორებს დავაკვირდებით, საქართველოში სიმდიდრის ფორმირების შინაგან ლოგიკას ამოვიკითხავთ. ფინანსები, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა, ვაჭრობა და უძრავი ქონება ქმნის მთლიანი სიმდიდრის უმთავრეს ნაწილს. ეს არის სფეროები, რომლებიც ინფრასტრუქტურას, არსებულ ქსელებსა და საოპერაციო მასშტაბს ეყრდნობა. ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, სადაც სიმდიდრე ნახტომებით შეიძლება შეიქმნას, ზემოთ ჩამოთვლილ ინდუსტრიებში პოზიცია დროში დაგროვილი უპირატესობით უმჯობესდება.

სიმდიდრის მსგავსი სტრუქტურა შემთხვევითი არ არის. იგი ასახავს განვითარებადი ეკონომიკის ინსტიტუციურ რეალობას – გარემოს, სადაც ბაზარზე უკვე არსებული წვდომა და კონტაქტები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ინოვაციაზე დაფუძნებული კაპიტალი ჩნდება, თუმცა სიმდიდრის იერარქია ძირითადად კვლავ არსებული ეკონომიკური სისტემების კონტროლითაა განსაზღვრული. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ეს კაპიტალი არსებობს.

საქართველოში საკუთრების სტრუქტურები ხშირად დანაწევრებულია. აქტივები მრავალ კომპანიასა და პროექტს შორის არის განაწილებული. ანგარიშგების პრაქტიკა არაერთგვაროვანია. ინფორმაცია ხშირად არასრულია, ზოგჯერ რთულად მოსაპოვებელი, ზოგჯერ კი შეგნებულად დაფარული. განსაკუთრებით მშენებლობისა და დეველოპმენტის სფეროში, სადაც თითო კორპუსს თითო შპს მიესადაგება და მათგან ცოტაა იმ ზომის, რომ საჯარო ანგარიშგების ვალდებულებაში მოექცეს, როცა საერთო ჯამში ის შესაძლოა, კოლოსალური ჰოლდინგის ნაწილს წარმოადგენდეს. 

შესაბამისად, ამ რეიტინგის შედგენა ჰგავდა დაფანტული, ზოგჯერ ღმერთმა იცის, სად გამქრალი ფრაგმენტებით მძივის შეკოწიწებას – ფინანსური ანგარიშგების, საკუთრების მონაცემების, სექტორული ანალიზისა და მრავალჯერადი გადამოწმების გზით.

შედეგი განზრახ კონსერვატიულია. რეიტინგში მხოლოდ საქართველოში არსებული აქტივები მოექცა. მასში არ შედის უცხოური და ოფშორული კაპიტალი და რიგ შემთხვევაში, ჭირს საქართველოში დაბინავებული კაპიტალის საბოლოო ბენეფიციარის მიგნებაც. თუმცა ამგვარი შეფასებაც კი ქმნის იმას, რაც მანამდე არ არსებობდა – ფინანსური რეალობის მიახლოებულ და რაც მთავარია, გადამოწმებად, საერთო სურათს.

ჩვენი მონაცემები გაურკვევლობას არ აქრობენ. ისინი მას ზღუდავენ. 

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე, დინამიკური ეკონომიკა განისაზღვრება არა მხოლოდ შექმნილი სიმდიდრის მოცულობით, არამედ მისი გამჭვირვალობით, ინფორმაციის სანდოობით და წესების პროგნოზირებადობით. სადაც კაპიტალი ხილულია, იქ რისკი უფრო ზუსტად ფასდება, ინვესტიცია უფრო რაციონალურად ნაწილდება და ეკონომიკური შესაძლებლობაც ფართოვდება.

ქვეყნისთვის, რომელიც ერთდროულად განიცდის პოლიტიკურ წნეხს, სერიოზულ ინსტიტუციურ გამოწვევებს და განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების ამბიციას, კაპიტალის გამჭვირვალობა მეორეხარისხოვანი საკითხი არ არის. 

ჩვენი გუნდის ხანგრძლივი შრომა, რომელზეც ეს რეიტინგი დაშენდა, უმდიდრესი მეწარმეების გარდა Forbes Georgia-ს მუშაობის უფრო ფართო მიმართულებას ავლენს. ჟურნალისტური რეპორტინგის მიღმა, ჩვენ ვქმნით ეკონომიკური კვლევისა და ბაზრის ანალიზის პლატფორმას, რომლის მიზანია სანდო მონაცემებზე დაყდნობით ეკონომიკური გარემოს სისტემური შეფასება. ამაზე დაწვრილებით მოგვიანებით… 

ჯერ თქვენ წინაშეა საქართველოს უმდიდრეს მეწარმეთა რეიტინგი – ქართული კერძო კაპიტალის პირველი კონსოლიდირებული სურათი. არა საბოლოო სიტყვა, არამედ მონაცემებზე დაფუძნებული საუბრის დასაწყისი. საბაზისო წერტილი, საიდანაც მომავალს უკეთ დავინახავთ.

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.