AstraZeneca ანტისხეულების კოქტეილის გამოყენების ნებართვისთვის FDA-ს მიმართავს

AstraZeneca ანტისხეულების კოქტეილის გამოყენების ნებართვისთვის FDA-ს მიმართავს

AstraZeneca-მ მათი წარმოების ანტისხეულების უნიკალური კოქტეილის გადაუდებელი გამოყენების ნებართვისთვის აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) მიმართა, – ამის შესახებ Associated Press წერს. კომპანიის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული მოლეკულა AZD7442 პირველი იქნება, რომელიც FDA-საგან მსგავსი გამოყენების ნებართვას მიიღებს.

„პირველ რიგში, იმ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გვსურს, რომელთაც ვაქცინა საფუძვლიანად არ იცავს“, – აღნიშნა AstraZeneca-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მენელას პანგალოსმა. „თუმცა, საბოლოო ჯამში, იმუნიზაციის სამიზნე კატეგორიაზე ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები უნდა შეთანხმდნენ“.

აღსანიშნავია, რომ FDA-მ ანტისხეულებზე დაფუძნებული სამი სხვა მედიკამენტიც დაამტკიცა, მათ შორის ისეთიც, რომელიც კოვიდ-19-ით პოტენციური დასნეულების შემდეგ,  სიმპტომების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. თუმცა ამ მედიკამენტებისაგან განსხვავებით, AstraZeneca-ს წამალი წინასწარ, პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. მენელას პანგალოსის თქმით, ვაქცინებთან ერთად, AstraZeneca-ს ეს მედიკამენტი კოვიდ-19-თან ბრძოლის კიდევ ერთი საშუალება იქნება.

AstraZeneca-ში იუწყებიან, რომ ამ მედიკამენტს ის ადამიანები გამოიყენებენ, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ ან ისინი, რომელთა ორგანიზმმა ვაქცინაციის შედეგად არასაკმარისად ბევრი ანტისხეული გამოიმუშავა. ცნობისთვის, რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ სიმპტომატური კოვიდის თავიდან აცილებაში მედიკამენტი 77%-ით ეფექტიანია.

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გარდა, სულ მალე, გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მისაღებად AstraZeneca მსოფლიოს სხვა მარეგულირებლებსაც მიმართავს.

 

ფოტო: AP Photo/Alberto Pezzali