კიბერკრიმინალურ ბაზრებზე 24 მილიარდი მომხმარებლის საიდენტიფიკაციო სახელი (username) და პაროლია ხელმისაწვდომი, რომელთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება. მიზეზი ის სუსტი და ხელახლა გამოყენებული პაროლებია, რომლებიც მომხმარებელთა შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Digital Shadows-ის კიბერუსაფრთხოების მკვლევრების მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, კიბერკრიმინალურ ფორუმებზე მომხმარებელთა „username“-ითა და პაროლით ვაჭრობის, გაყიდვისა და დემპინგის შემთხვევები 65%-ით გაიზარდა. 2021 წელს ასობით არალეგალურ ბაზარზე ხელმისაწვდომი პაროლებიდან და „username“-იდან, უნიკალური 6.7 მილიარდი მათგანი აღმოჩნდა, რაც გასული წლის ანალიზთან შედარებით მესამედით მეტია. მონაცემები ცხადყოფს, რომ ბევრი მომხმარებლის სახელი და პაროლი მრავალჯერაა მოპარული, რაც მათ სავარაუდოდ გაცნობიერების გარეშე, კიბერმსხვერპლად აქცევს.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხშირად „გაჟონილ“ პაროლებს შორის პირველ ადგილს „123456“ კომბინაცია იკავებს. პაროლი 30 მილიონზე მეტჯერაა ნაპოვნი და ყველა უნიკალური პაროლის 0.46%-ს, შესაბამისად 20-დან ერთს შეადგენს. სხვა მარტივი პაროლებიდან, 17 მილიონზე მეტი შემთხვევა „123456789“ კომბინაციაზე, 10 მილიონი „qwerty“-სა და „12345“-ზე მოდის, 9 მილიონი კი უბრალოდ სიტყვა – “password”-ია.
Digital Shadows-ის ანგარიშით, ის ათი პაროლი, რომელიც არასდროს არ უნდა დააყენოთ, ასე გამოიყურება:
- 123456
- 123456789
- Qwerty
- 12345
- Password
- Qwerty123
- 1q2w3e
- 12345678
- DEFAULT
- 111111
აღსანიშნავია, რომ 50 ყველაზე ხშირად გამოყენებადი პაროლიდან, 49-ის გატეხა, კრიმინალურ ფორუმებზე უფასოდ ხელმისაწვდომი ადვილად გამოსაყენებელი ინსტრუმენტის საშუალებით, სულ რაღაც ერთ წამშია შესაძლებელი. შესაბამისად, ამ ჩამონათვალში არსებული კომბინაციები რეალური კიბერსაფრთხის ქვეშაა და დაუყოვნებლივ შეცვლას საჭიროებს.