ჰოლივუდთან საქართველოს თანამშრომლობის დეტალებზე Forbes Georgia სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს ესაუბრა.
სცენა ერთი, დუბლი ერთი – აცხადებს რეჟისორის ასისტენტი და კასკადიორი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ან რუსთაველის გამზირზე ავტომანქანის სიჩქარეს მაქსიმალურად ავითარებს, გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე საჭეს ვერ იმორჩილებს… ეს თითქოს შინაარსობრივად მარტივი სცენის რთული ეპიზოდია ფილმიდან “ფორსაჟი 9”. აქვე უნდა ითქვას, რომ სცენარის დეტალები საიდუმლოა, ამიტომ უტრირებული ფორმით ვიწყებთ ამბავს იმი ს შესახებ, როგორ ჩამოართვა საქართველომ ჰოლივუდს ხელი…
ეპიზოდის შინაარსის გასაიდუმლოების მიუხედავად, გადასაღები მოედნები ცნობილია – ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირები, ძველი თბილისის ნაწილი და ბეთანია. სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალში გადაიღებს “უნივერსალი” “ფორსაჟი 9”-სთვის ბოლო, ათწუთიან -ყველაზე დაძაბულ, კვანძის გამხსნელ მონაკვეთს და ასე გაჩნდება ტოკიოს, ლოს-ანჯელესის, ლონდონის, რიო-დე-ჟანეიროსა და “ფორსაჟის” პერსონაჟებისთვის ნაცნობი სხვა ქალაქების ჩამონათვალში თბილისი.
“ფორსაჟის” შემქმნელების დასათანხმებლად, ქართული გეოგრაფია აეთვისებინათ, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაახლოებით ერთწლიანი მოლაპარაკებები დასჭირდა. ეს ერთი წელი მოიცავდა ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერების საქართველოში ვიზიტს, ქვეყნის ლანდშაფტის, ისტორიისა და ხასიათის გაცნობას ქართული კერძების, ღვინისა და სადღეგრძელოების თანხლებით.
ახლა მკითხველი იკითხავს, რატომ ვერ აფეთქდება მანქანა იქვე, აშშ-ში, რომელიმე მაგისტრალზე? -პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჰოლივუდი საქართველოსთან თანამშრომლობას დათანხმდა, არის “აწარმოე საქართველოს” პროგრამა “გადაიღე საქართველოში”, რაც კომპანიების მიერ გაწეული კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის მათთვის დაბრუნებას ითვალისწინებს. არის სხვა არგუმენტებიც, თუ რამ მოხიბლა “უნივერსალი” თბილისის ქუჩებში და ამას ქვემოთ გიამბობთ.
მანამდე კი “ფორსაჟის” კომერციული დეტალების შესახებ: “ფორსაჟის” გმირების პირველი თავგადასავალი მაყურებელმა 2001 წელს იხილა. მისი ბიუჯეტი 38 მილიონი აშშ დოლარი იყო, მსოფლიო მასშტაბით ფილმის გაქირავებამ კი მის შემქმნელებს 207 მლნ აშშ დოლარი მოუტანა. ბოლო პროექტი -“ფორსაჟი 8” ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა და მისი გადაღება პირველთან შედარებით 238 მლნ-ით მეტი, 250 მლნ დაჯდა. ამ უკანასკნელის გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი მილიარდ 238 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა. “ფორსაჟი 9” “უნივერსალს”, ამ ეტაპ ზე არსებული მონაცემებით, 200 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება, საქართველოში კი სტუდია 31 მლნ ლარს დახარჯავს.
რაც შეეხება პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში 2015 წლიდან დღემდე გადაღებულ ფილმებს – ხელშეკრულება 28 პროექტის განხორციელების თაობაზეა გაფორმებული, რომელთაგან 15 უკვე დასრულდა. ჯამში, სააგენტოს კინოინდუსტრიის კომპონენტმა საქართველოში 99.8 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიტანა, მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა კი 94.8 მლნ ლარს შე ადგენს.
ჰოლივუდთან საქართველოს თანამშრომლობის დეტალებზე Forbes Georgia სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს ესაუბრა:
შეიძლება ითქვას, რომ “აწარმოე საქართველოს” კინოინდუსტრიის მიმართულების პროგრამისთვის 2019 წელი გარდამტეხია, რადგან ჰოლივუდთან პირველ პროექტზე თანამშრომლობა შედგა – “ფორსაჟი 9”–ის გუნდი საქართველოშია. რა სამუშაო ჩაატარა სააგენტომ ამ პროექტზე წვდომისთვის?
ამ კონკრეტულ პროექტზე საპროდიუსერო კომპანია “ენკენი ფილმს FF9”-ს კომუნიკაცია ერთი წლის წინ ჰქონდა დაწყებული, თუმცა გამოვყოფდი იმ ფაქტს, რომ ჩვენ მო ვახერხეთ და ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიყვანეთ საქართველოში. ერთია, როდესაც ჩადიხარ და იქ ესაუბრები და მეორე, როცა ჩამოდიან და თავისი თვალით ნახულობენ ყველაფერს.
საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისას, ყოველთვის ისმებოდა კითხვა, არის თუ არა ჰოლივუდის რომელიმე ფილმი თქვენთან გადაღებული. ამაზე ჩვენი პასუხი ასეთი იყო ხოლმე -არა, მაგრამ ამერიკული ფილმია გადაღებული. ამიტომ ამ პროგრამის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ გარდატეხა მოვახერხეთ. ამ ფილმის (“ფორსაჟი 9”) მოზიდვას ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიის (“ენკენი ფილმს FF9”) ძალიან დიდი ჩართულობა სჭირდებოდა, რამაც თანაბარი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ეს პროექტი საქართველოში ჩამოსულიყო.
17 ქვეყანას შორის არჩევანი ჩვენზე იმიტომ გაკეთდა, რომ ჩვენ მათ მოქნილი სისტემა, სწრაფი გადაწყვეტილებები და კომფორტული cash back-პროგრამა შევთავაზეთ. ჩვენი მზაობა, დავხმარებოდით და სწრაფად გაგვევლო პროცესები, გადამწყვეტი იყო ამ პროექტის საქართველოში განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამაში მალევე დარწმუნდნენ -გადაწყვეტილების მიღების შემდეგ “უნივერსალმა” პროცედურები რამდენიმე დღეში გაიარა. აქ ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული – ნებართვები, განკარგულების გამოცემა… მთავრობისა და ხელისუფლების ყველა რგოლმა უმოკლეს ვადაში იმუშავა. არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო პროგრამის მენეჯერის თათია ბიძინაშვილის დამსახურება, რომელმაც ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია ამ წარმატების მისაღწევად. აქ ჩამოსული იყო “უნივერსალ სტუდიოს” პირველი ვიცე-პრეზიდენტი და CFO, რომელიც სტუდიაში გადაწყვეტილებებს იღებს იმის შესახებ, ფილმი სად გადაიღონ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ თავადაც არ სჯეროდათ, ისე სწრაფად იმუშავა სააგენტოს პროგრამის ერთი ფანჯრის პრინციპმა.
გარდა იმისა, რომ მზაობა იყო თქვენი მხრიდან, მათ შორის პროცედურული თვალსაზრისით, რა როლი ითამაშა “უნივერსალთან” მოლაპარაკებების წარმატებით დამთავრებისთვის თბილისის ლანდშაფტმა?
დიახ, ამ თვალსაზრისით სცენარს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ამ ფილმს ზოგადად სხვადასხვა ლოკაციაზე იღებენ ხოლმე ბრაზილიაში, ტაილანდში და ა.შ, თუმცა რა არის აქ მნიშვნელოვანი -ფილმში თბილისი და საქართველო იდენტიფიცირებული იქნება, რაც ყოველთვის არ ხდება. მაგალითად, წინა სერიებში გადაღებები პუერტო-რიკოში იყო, მაგრამ ეწერა ბრაზილია და პუერტო-რიკოსთვის ამ პროექტში მარკეტინგული ინტერესი არ იყო. ჩვენ არა მხო ლოდ ფინანსურ სარგებელს მივიღებთ, რადგან დღეში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, არამედ ეს ფაქტობრივად ყველაზე ეფექტიანი მარკეტინგული რეკლამა იქნება, რომელსაც მონეტარულში თუ გადავიყვანთ, სხვა შემთხვევაში უდიდესი თანხა დაგვიჯდებოდა.
რას ახვედრებთ “უნივერსალს” საქართველოში ტექნიკური თვალსაზირისთ და რა ჩამოაქვთ მათ?
ამ შემთხვევაში ტექნიკის უმეტესობა მათია, აქ სერვისს კი ქართული კომპანია აწვდის. ის მანქანები და შეიარაღება, რაც მათ სჭირდებათ, ჩამოიტანენ. ასევე არ გვყავს კასკადიორები. არ გვყავს სპეციალისტი, რომელიც 350 კმ/სთ სიჩქარით რუსთაველის გამზირზე “პორშეთი” გაივლის, მანქანას დაამტვრევს და თვითონ გადარჩება. ცხადია, კარგად გვესმის, არ ვართ მზად იმისთვის, რომ ყველა სერვისი მივაწოდოთ და ეს არის პროცესი, თუმცა კინოწარმოებაზე მოთხოვნა გაჩნდება. კინოინდუსტრია საქართველოში წამყვანი ინდუსტრია უნდა გახდეს მშპ-ის კონტრიბუციის კუთხით. ასეა ბევრ ქვეყანაში.
გადაღებები რამდენ დღეს გაგრძელდება? ასევე, თბილისში დაგეგმილი გადაღებების შინაარსობრივ ნაწილზე რას გვეტყვით?
გადაღებები აგვისტოს შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. რამდენიმე ლოკაცია შემიძლია, დაგისახელოთ. ეს არის რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები. რამდენიმე სცენა ბეთანიაშიც იქნება გადაღებული. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოხდება გარკვეული გზების გადაკეტვა. აქაც ძალიან დიდი როლი აქვს იმას, რომ ზოგადად საქართველოში მოსახლეობა ფილმისადმი აგრესიულად განწყობილი არ არის. მაგალითად, რომსა და პარიზში, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ძალიან ხშირად იღებენ ფილმებს, მარტივი არ არის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა და ამანაც დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში.
რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს -ამ ფილმში ყოველთვის არის გმირი და დამნაშავე. მათ ორთაბრძოლაზეა მთელი ფილმი, სადაც მანქანები ერთმანეთს მისდევენ. თბილისში ბოლო ათწუთიან მონაკვეთს გადაიღებენ. ეს ნაწილი ბლოკბასტერებში ყველაზე დაძაბულია და, შესაბამისად, ყველაზე მეტი ყურადღება მაყურებლის მხრიდან სწორედ ბოლო ათ წუთს ენიჭება, სადაც სიუჟეტი კულმინაცია აღწევს და სრულდება. მგონია, რომ ეს უფრო მეტ შანსს აძლევს ადამიანს, დააკვირდეს, სად არის ეს სცენები გა დაღებული.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ფილმს თავისი ძალიან მრავალრიცხოვანი ფანების ჯგუფი ჰყავს, რომელიც, როგორც “უნივერსალისგან” ვიცი, გადაღებების შემდეგ კონკრეტულ ლოკაციებზე ჩადიან. აქ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ახალ ზელანდიასა და ხორვატიასთან. ხორვატიაში ტურისტებს როდესაც ეკითხებიან, რატომ ჩავიდნენ დუბროვნიკში, პასუხობენ, რომ მათ “სამეფო კარის თამაშების” ლოკაციების ნახვა უნდოდათ. იგივე სიტუაციაა “ბეჭდების მბრძანებელთან” მიმართებითაც. ახალ ზელანდიაში “ბეჭდების მბრძანებლის” გადაღების შემდეგ ტურიზმიდან შემოსავალი 6-დან 9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. დუბროვნიკში კი უკვე მოჭარბებული ტურისტების პრობლემაა.
ამ ჯგუფს, რომელიც საქართველოში თითქმის ერთ თვეს დაჰყოფს, რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები ხომ არა აქვს, რაც ვარსკვლავებს ახასიათებთ ხოლმე?
ამჯერად ვარსკვლავები არ ჩამოვლენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილმში, თბილისის ეპიზოდში ვარსკვლავი არ გამოჩნდება. ზოგადად ეს არის პირველი ნაბიჯი. მთავარია, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის კასკადიორები ჩამოვლენ. მათ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ, თუმცა უკვე მიდის ლაპარაკი ფილმებზე, რომელთა გადაღების ფარგლებში A კლასის მსახიობები ჩამოვლენ და აქ ძალიან რთული კონკრეტული მოთხოვნებია. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, რომ, რაც შეიძლება, ყველაფერი მოვამზადოთ მათ მისაღებად როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე – იურიდიულად.
კარგია ის, რომ ჩვენ ამ ადა მიანებთან უკვე დავმეგობრდით. საქართველოში ერთი კვირით ჩამოსული ადამიანი ემოციურ კავშირს ამყარებს ქვეყანასთან, ამიტომ უკვე ვიღებთ კონკრეტულ რჩევებს, მინიშნებებს, მიდის საუბრები ახალ პროგრამებზე და ყველაზე მთავარი -“უნივერსალი” პირდაპირ გვეუბნება, რას დაელოდება შემდეგში ჩვენგან, რომ ახალი პროექტებით ჩამოვიდნენ.
რას ელოდებიან?
მაგალითად, ახალი ლოკაციების შერჩევას, ასევე, მათი რჩევების გათვალისწინებას პროგრამასთან დაკავშირებით – როგორ და რა ნაწილი შევცვალოთ, რომ უფრო მორგებული იყოს A კლასის მსახიობების მიღებაზე.
რამდენ და რა პროექტებზე მიდის ჰოლივუდთან მოლაპარაკებები? შესაძლებელია თუ არა, რომ მათთვის სამუშაოდ საქართველოს ისტორიის, ან კულტურის ელემენტები საინტერესო იყოს? თავად თუ აპირებთ ამ მხრივ შეთავაზებებს მათი პროდიუსერებისთვის?
რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზე საუბარი მიდის. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჰოლივუდი, მიუხედავად იმისა, რომ მონეტარულად ძალიან დიდი ინდუსტრიაა, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, საკმაოდ ჩაკეტილი, პატარა სივრცეა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და მუდმივად მიდის ასეთი ტიპის საუბარი ერთმანეთთან: თქვენ რომ გადაიღეთ ფილმი საქართველოში, ამან როგორ იმუშავა? Cash back რამდენად სწრაფად დაგიბრუნეს, როგორი იყო მთავრობის, მოსახლეობის განწყობა, როგორი გუნდი დაგხვდათ საპროდიუსერო კომპანიის კუთხით და ა.შ… ბევრჯერ გვითხრეს, რომ ის პროფესიონალიზმი, რაც ვაჩვენეთ, უპასუხოდ არ დარჩება.
თავად “უნივერსალს” რამდენიმე პროექტზე ვესაუბრებით. მოლაპარაკებები ასევე მიდის სერიალის გადაღებაზე, რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ჩვენ თუ შევძლებთ იმას, რომ საქართველოში ქართულ თემატიკაზე გადაიღონ.
გარდა ამისა, აქტიურად დავიწყეთ საუბარი ანიმაციის კუთხით და აქ პირდაპირი მინიშნებები იყო, რომ მინიონების მსგავსი მულტფილმების ძალიან დიდ ნაწილს სტუდიები “აუტსორსინგზე” აკეთებენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის -აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ძალიან დიდი შანსი გვაქვს და აქ სექტემბრიდან აქტიურ მუშაობას ვიწყებთ, რომ ანიმაციის სახლი შევქმნათ და თავი მოვუყაროთ ანიმატორებს, ვინც რეალურად არიან ამის სპეციალისტები. ამაში კინოცენტრიც გვეხმარება. ამ სამზადისის დასრულების შემდეგ კი ჰოლივუდთან მოლაპარაკებას ვგეგმავთ, რომ მულტფილმებზე საქართველოდანაც იმუშაონ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ “უნივერსალი” ამ სეგ მენტებში ჩვენი ელჩი იქნება. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან მალე “ნეტფლიქსს” შევხვდებით და ჩემს გუნდთან ერთად ნოემბერში ლოს-ანჯელესში ჩავალ, სადაც ყოველწლიურად ამერიკული ფილმის ბაზარი იმართება, იქ კი როგორც “უნივერსალი”, ასევე სხვა სტუდიები დაგვეხმარებიან, რომ მივწვდეთ ყველას, თუმცა უკვე წელში გამართულები მივდივართ, რადგან საქართველოში ამ პერიოდისთვის უკვე გადაღებული იქნება ჰოლივუდის ფილმი.
ქართული თემატიკა ახსენეთ. რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად?
ეს ჩემი აზრია და ვცდილობ, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, ამერიკელებს ჰოლივუდში თავს მოვახვიო -ეს არის “ვეფხისტყაოსანი”. საქართველოს ისტორიაში ბევრი რამაა საინტერესო, რაზეც სერიალის გადაღება შეიძლება. მე თუ მკითხავთ, არაფრით ნაკლები არ არის “ვიკინგების” ისტორიაზე თუნდაც “ვეფხისტყაოსნის” ამბავი, რადგან იქ არის სიყვარულის მომენტი, გმირები არიან, პოლიტიკაა და ა.შ. ვიზუალიზაციაში რომ გადმოვიტანოთ “ქაჯეთის ციხე” და ის სცენები, რაც არის მოყოლილი პოემაში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდი და საინტერესო პროექტი შეიძლება, გამოვიდეს. ეს ყველაფერი ერთ დღეში არ ხდება. ეს ადამიანები ივლიან საქართველოში, მოუწევთ აქ ყოფნა… ქართულ წვეულებებზე დადიან, სუფრასთან ისტორიებს, სადღეგრძელოებს ისმენენ, ასე რომ ეს ბუნებრივად მოხდება. რამდენიმე წიგნი მათ “ვეფხისტყაოსნის” შესახებ ვაჩუქე და ახლა ვფიქრობ, მოვძებნოთ სცენარი, თუ არსებობს უკვე. გარდა “ვეფხისტყაოსნისა”, ჩვენ ხევსურეთსა და მთიულეთში ქართული ბრძოლის ხელოვნებები გვაქვს, რომლებზეც ცალკე დოკუმენტური ფილმის გადაღება შეიძლება. მასალა უამრავია.
ალბათ, ჰოლივუდს თავისი სასაუბრო ენა აქვს და ეს მხოლოდ კარგი ანგარიში, ან ინგლისური არ არის. გჭირდებათ ხალხი, ვინც ამერიკულ კინოინდუსტრიაში ამ არხების გაკვალვაზე იმუშავებს, თუ თქვენი ამბიციებისა და მიზნებისთვის საკადრო რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია?
მე მგონი, ერთადერთი, რისი პრობლემაც ნაკლებად არის, ეს კომუნიკაციაა. ჩვენ ჩასვლამდე ძალიან ინტენსიური საშინაო დავალება გვაქვს ხოლმე გაკეთებული. ჩვენი კუთხით, მთავარია, მათ ვანახვოთ ფილმის გადაღებების სიმარტივე, ქვეყნის მიდგომა, არსებული პროცედურები, ლოკაციები, ინფრასტრუქტურის კარგად ცოდნა და ამის რუკებზე დატანა… ცხადია, ჩვენ თან გვახლავს ხოლმე საპროდიუსერო კომპანიები, რომლებიც ამ კონკრეტული საქმის სპეციალისტები არიან, ამიტომ ჩვენი პრეზენტაცია იწყება ხოლმე საქართველოში გადაღებების კუთხით არსებულ გარემოზე, რასაც საპროდიუსერო კომპანიების მხრიდან კონკრეტულ საკითხებზე საუბარი მოჰყვება.
ჰოლივუდში მუშაობენ ქართველებიც, მაგალითად, მსახიობი თემო მელიქიძე, რომელიც “პატრიოტთა დღეში” გადაიღეს. მათთან გაქვთ კონტაქტები? შეიძლება თუ არა მათი რესურსის გამოყენება?
ამ კუთხით ჩვენ მეგაპროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. მომავალი წლის აგვისტოში Homecoming-ღონისძიების ჩატარებას ვაპირებთ, სადაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს ჩამოვიყვანთ, რომლებიც როგორც ფილმის ინდუსტრიაში, ასევე ინვესტიციების, ბიზნესის მიმართულებით მუშაობენ. მათ კარგად დავანახვებთ საქართველოს პოტენციალს. მათ გული შესტკივათ საქართველოზე და შეგვიძლია, ვუთხრათ, რა მიმართულებით ვეძებთ ინვესტორს. გვაქვს ბაზა, რომელსაც ვავსებთ და ყველას, მათ შორის თქვენს მკითხველს ვთხოვთ, მოგვწერონ წარმატებული ადამიანების შესახებ. ასევე გვექნება ცხელი ხაზის ნომერი. მაგალითად, სომხები ამას ძალიან კარგად აკეთებენ და ჩვენ, მინიმუმ, უნდა ვცადოთ მაინც და ეს სქემა ავამუშაოთ. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს აუცილებლად მივიღებთ. 100 ადამიანიც რომ ჩამოვიდეს, ამას უკვე ძალიან დიდი ეფექტი ექნება. სხვა თუ არაფერი, გავიცნობთ ამ ადამიანებს. ამ ღონისძიებას ვგეგმავთ და ვაპირებთ, ჰოლივუდის კუთხითაც მეტად გვქონდეს ფესვები გადგმული.
რაც შეეხება პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფინანსურ სქემას – ახლა კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ს უბრუნებთ საქართველოში წარმოებული კინოპროდუქციის ავტორებს, თუმცა ეს რიცხვი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ზოგან მეტია, ზოგან -ნაკლები. ეს დღეს მაქსიმუმია, რაც ამ სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორებს შეიძლება, შესთავაზოთ?
არ ვფიქრობ, რომ ამას უნდა გადავხედოთ. მარკეტინგულად ეს საინტერესოა, მაგრამ ჩვენ ძალიან დაბალი გადასახადები და ეფექტიანი სისტემა გვაქვს. თუ შევადარებთ დუბაის, რომელმაც cash back 40%-ზე ასწია, უნდა შევხედოთ იქ არსებულ მაღალ გადასახადებს, რის გამოც მათ კვალიფიციური თანხის დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი აქვთ. ჩვენ, მინიმალური გადასახადებით, ძალიან მოქნილი სისტემა გვაქვს.
უახლოეს პერიოდში რომელ კინოგამოფენებში აპირებთ მონაწილეობას?
ბერლინალეზეც ვიქნებით და გაზაფხულზე კანის კინოფესტივალზეც. ასევე, ჰონკონგსა და შანხაიშია გამოფენები და რომელიმეს დავესწრებით. ასევე, ევროპაში “ლონდონ ფოკუსს” ვესწრებით ხოლმე, რადგან მნიშვნელოვანია ევროპული კინობაზარი, რომელიც მონეტარულად შეიძლება ასეთი დიდი არ იყოს, მაგრამ ხარისხობრივად საინტერესოა.
“აწარმოე საქართველოს” სხვა პროექტებზე გკითხავთ – 12 ბანკი ჩაერთო საკრედიტო– საგარანტიო სქემაში. მცირე და საშუალო ბიზნესიდან ეკონომიკის რა სექტორების მხრიდან ელოდებით მომართვას? როდიდან დაიწყებთ განაცხადების მიღებას?
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და მოლოდინიც დიდი გვაქვს. სექტორები საკმაოდ გაშლილია, ბევრად მეტ მიმართულებას მოიცავს საკრედიტო-საგარანტიო სქემა, ვიდრე სუბსიდირების მექანიზმი. აქ არის სასტუმრო ინდუსტრია, საგანმანათლებლო მიმართულებები, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და ა.შ. ბანკებიც მზად არიან პროექტების განსახილველად.
არსებულ პროგრამებში რაიმე ცვლილებებს თუ უნდა ველოდოთ? რა მიმართულებით?
ვფიქრობთ, გადავხედოთ სექტორებს, სად არის გაჯერებული და შემდეგ შეიძლება ცვლილებები შევიტანოთ. ჩვენ ეფექტიანობა გავზომეთ. ძალიან მაღალი ხარისხის ანგარიშვალდებულების გრძნობა გვაქვს ჩვენს მეწარმეებთან და საზოგადოებასთან. ამის შესახებ არის BDO–ს კვლევაც, თუმცა ახალი მიგნებაც გვაქვს -202 სტარტაპიდან, რომლებიც ჩვენმა სააგენტომ სუბსიდირების პროგრამით დააფინანსა, რომლის ფარგლებში 28 მლნ ლარი იყო სუბსიდირებით გაცემული, ამ 28 მლნ–ის სუბსიდირებამ გადასახადების სახით ქვეყანას 140 მლნ ლარი მოუტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითო სუბსიდირებულ ლარზე ქვეყანამ 5 ლარის, ანუ ხუთჯერ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღო. აქ არ ვთვლი არსებული ბიზნესების გაფართოებას.
რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, 7 მლნ ლარი გვაქვს დახარჯული გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ამ 7 მლნ ლარმა 159 მლნ ლარის ექსპორტის წახალისება შეძლო – მინიმუმ 20-ჯერ მეტი ამონაგებია, ვიდრე დანახარჯი.
ინვესტიციების მიმართულება -მილიონ 200 ათასი ლარი, საკმაოდ მიზერული თანხა დაიხარჯა ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების მოზიდვაზე იმ გუნდის მეშვეობით, რომელიც ჩვენთან ერთად არის და ამ თანხის დახარჯვით 119 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ.
მცირე გრანტების პროექტები როდიდან განახლდება?
კომუნიკაციას შემოდგომიდან დავიწყებთ, რადგან პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ბევრად აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს, რომ ყველამ შეძლოს მონაწილეობა და გაიგოს ამის შესახებ. დაფინანსება ალბათ 2020 წელს მოხდება, რომ უფრო კარგად ვმართოთ ეს სქემა. ვფიქრობთ თანხის 30 ათას ლარამდე გაზრდას, ასევე -სპეციალურ შეღავათს მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც თანამონაწილეობა 10% და უფრო დაბალი იქნება, რათა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტიმულირება მოხდეს.