აუქციონი Sotheby’s-ი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ, 600 მილიონ დოლარად შეფასებულ კოლექციას წარმოგვიდგენს

აუქციონი Sotheby’s-ი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ, 600 მილიონ დოლარად შეფასებულ კოლექციას წარმოგვიდგენს

წლების განმავლობაში მიმდინარე იურიდიული დავებისა და კოვიდშეფერხებების შემდეგ, უძრავი ქონების მაგნატის, ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი მეუღლის, ლინდას ხელოვნების ნიმუშების ისტორიული კოლექცია საბოლოოდ „სოტბის“ აუქციონზე განთავსდება. ხელოვნების ექსპერტები კოლექციას დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარად აფასებენ.

Sotheby’s-ის წარმომადგენლების განცხადებით, კოლექციას, რომელიც მარკ როტკოს, ენდი უორჰოლისა და ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევრებს შეიცავს, კოლექციების გაყიდვის ისტორიაში ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს.

კოლექციას ღირებულებას მისი გაყიდვის გართულებული პროცედურებიც სძენს. იგი წლების განმავლობაში სადავო საკითხს წარმოადგენდა. ჰარი მაკლოუ და მისი ყოფილი მეუღლე მრავალი წლის განმავლობაში სასამართლოში დაობდნენ მისი ღირებულებისა და შემოსავლების გამო. სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ კი მისი გაყიდვის შანსის დაუფლებას სხვადასხვა აუქციონის სახლი თუ დილერი ცდილობდა.

თუმცა, საინტერესო ფაქტია, რომ კოლექციის ღირებულებაზე ვერც თავად ცოლ-ქმარი შეთანხმდა. 2018 წელს წყვილის განქორწინების შემდეგ, მანჰეტენის სასამართლომ ოჯახის აქტივები 2 მილიარდ დოლარად შეაფასა და ქონების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ლინდა მაკლოუმ კი კოლექციის გაყიდვის შესახებ გააკეთა განაცხადი და მისგან მიღებული შემოსავლის გაყოფაც მოისურვა. მანჰეტენის ძვირადღირებული და ყველაზე მაღალი  საცხოვრებელი სახლების მშენებელი, ჰარი მაკლოუ კოლექციას 800 მილიონ აშშ დოლარად აფასებდა, მისი მეუღლის განცხადებით კი ამ უკანასკნელის ფასი 600 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

Sotheby’s-ი კოლექციის გაყიდვისა და აუქციონის დეტალების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს, თუმცა სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, აუქციონი ოჯახს კოლექციის 650-700 მილიონ აშშ დოლარად გაყიდვის გარანტიას მისცემდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *