აზერბაიჯანი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის $5-მლრდ-იანი სესხის აღებას გეგმავს

აზერბაიჯანი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის $5-მლრდ-იანი სესხის აღებას გეგმავს

აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყანას საერთაშორისო საკრედიტო-ფინანსური ინსტიტუტებისგან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად $5-მილიარდიანი სესხის აღება სურს. მინისტრის განმარტებით, სესხის ნაწილი იმ ახალ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც მოხმარდება, რომლებზეც აზერბაიჯანმა კონტროლი გასული წლის სექტემბერში საომარი მოქმედებებით აღიდგინა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმედღიანი სახმელეთო ოპერაციის შედეგად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლი აღდგა და არცახის არაღიარებული რესპუბლიკა გაუქმდა. მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება კი 100,00-მდე ეთნიკურად სომეხ მოსახლეს მოუწია.

სამირ შარიფოვის განცხადებით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გეგმა ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია და აღდგენაა, რაც ქვეყანას ეკონომიკურ ზრდაში დაეხმარება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამად საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით 1,000-კილომეტრიან საზღვარზე, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალები იცავენ. გასული დღეების განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სასაზღვრო რეგიონებიდან შეიარაღებული ძალები გავლენ და საზღვრებზე მხოლოდ შესაბამისი დანაყოფები დარჩებიან.

ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისისთვის აზერბაიჯანის საგარეო ვალი $6.1 მილიარდს შეადგენდა, რაც ქვეყნის მშპ-ის 8.9%-ია. აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა წლის ბოლოსთვის $1.4 მილიარდს დაფარავს. თუმცა სესხის აღების შემთხვევაში აზერბაიჯანის საგარეო ვალი $10 მილიარდამდე გაიზრდება.