აზერბაიჯანი მილიარდერ რუბენ ვარდანიანისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

აზერბაიჯანი მილიარდერ რუბენ ვარდანიანისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიასააგენტო Azertac-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პროკურატურა მთიანი ყარაბაღის ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირის, მილიარდერი ბანკირისთვის, რუბენ ვარდანიანისთვის, უვადო პატიმრობას ითხოვს.

სომხეთში დაბადებული რუბენ ვარდანიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეობას ფლობდა და საკუთარი ქონების დიდი ნაწილი სწორედ რუსეთში დააგროვა, 2022 და 2023 წლებში ყარაბაღში რანგით მეორე ოფიციალური პირი იყო.

მოგეხსენებათ, 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ ყარაბაღის ტერიტორიების დაკავების შემდეგ, ე.წ. არცახის რესპუბლიკა გაუქმდა, აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულის ოფიციალური პირების ნაწილი კი დააკავეს. მათ შორის იყვნენ ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, ასევე სამოქალაქო თუ სამხედრო ოფიციალური პირებიც.

რუბენ ვარდანიანს ბრალი 42 სხვადასხვა დანაშაულში ედება, მათ შორის ტერორიზმის კუთხით ჩადენილი დანაშაულისთვისაც. ვარდანიანის ოჯახის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და აზერბაიჯანის სასამართლოს არ ცნობს. დაკავების შემდეგ მან შიმშილობა ორჯერ გამოაცხადა.

რუბენ ვარდანიანი 2023 წელს ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლისას დააკავეს. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის დაკავების შემდეგ აღნიშნული რეგიონი 100,000-ზე მეტმა ეთნიკურად სომეხმა დატოვა.

აზერბაიჯანის პროკურატურა რუბენ ვარდანიანისთვის სამუდამო პატიმრობას, სხვა ოფიციალური პირების ნაწილისთვის კი 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითხოვს. გადაწყვეტილება საპატიმრო ვადაზე ბაქოს სასამართლომ უნდა მიიღოს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.