აზერბაიჯანში ვაქცინაცია თითქმის სავალდებულო ხდება

აზერბაიჯანში ვაქცინაცია თითქმის სავალდებულო ხდება

აზერბაიჯანში თითქმის ყველა საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომლებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. 2021 წლის ოქტომბრიდან, 18 წელს გადაცილებული პირები მხოლოდ კოვიდპასპორტის წარდგენის შემდეგ დაიშვებიან რესტორნებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან უმაღლესი სასწავლებლებისა და სპეციალიზებული სასწავლო ცენტრების სრულწლოვანი სტუდენტები კოვიდპასპორტის წარდგენის გარეშე ლექციებს ვერ დაესწრებიან.

2021 წლის პირველი სექტემბრიდან კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლების 80% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მაინც უნდა იყოს აცრილი, ხოლო 1 ოქტომბრიდან კოვიდპასპორტს უნდა ფლობდეს.

ამას გარდა, აუცილებელი იქნება კოვიდპასპორტის წარდგენა შიდა სივრცეებში შესასვლელად, მათ შორის რესტორნებში, სალონებსა და სავაჭრო ცენტრებში.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ორი სახის კოვიდპასპორტის აღება 2021 წლის ივნისიდანაა შესაძლებელი. სრულად ვაქცინირებულები ულიმიტო სერტიფიკატს იღებენ, ხოლო ვირუსის გადატანის შემდეგ მიღებული კოვიდპასპორტი 6 თვის განმავლობაში მოქმედებს. ვადის გასვლის შემდეგ კი მოქალაქეები ვალდებულები არიან, ვაქცინაცია ჩაიტარონ. ისინი, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არა აქვს ვაქცინაციის გაკეთების შესაძლებლობა, გამონაკლისის სახით სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.