ამერიკელმა მილიარდერმა და Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარემ, უორენ ბაფეტმა, 2006 წლის შემდეგ პირველად, Gates Foundation-ისთვის შუა წლის საქველმოქმედო შემოწირულების გაღებაზე უარი თქვა. ამის ნაცვლად, მან Berkshire Hathaway-ის თითქმის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები საკუთარი შვილების მიერ მართულ ოთხ ფონდს გადასცა.
ბაფეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის Susan Thompson Buffett Foundation-ს Berkshire Hathaway-ის B კლასის 9 მილიონ აქციას გადასცემს, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 4.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. კიდევ თითო მილიონი აქცია, დაახლოებით 496-496 მილიონი დოლარის ღირებულებით, Sherwood Foundation-ს, Howard G. Buffett Foundation-სა და Novo Foundation-ს გადაეცემა.
2006 წლიდან მოყოლებული, ბაფეტი Gates Foundation-ში შემოწირულებებს ყოველწლიურად ახორციელებდა, თუმცა წელს ამ ტრადიციაზე უარი თქვა. გასულ ზაფხულს მან ფონდს მილიარდობით დოლარის ღირებულების აქციები გადასცა.
მანამდე, ივნისში, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაფეტი Gates Foundation-ისთვის მომავალში შემოწირულებების გაგრძელების გადაწყვეტილებას გადადებდა. გამოცემის ცნობით, მილიარდერი ფონდისა და გარდაცვლილი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის, კავშირების შესახებ მიმდინარე დამოუკიდებელი შემოწმების შედეგებს ელოდებოდა და ამ საკითხზე ფონდის ხელმძღვანელობასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია.
95 წლის ბაფეტმა ასევე განაცხადა, რომ მისი მიზანია Berkshire Hathaway-ის ყველა დარჩენილი აქციის დაახლოებით რვა წლის განმავლობაში გასხვისება.
„ჩემი მიზანია, Berkshire-ის ყველა აქცია დაახლოებით რვა წლის განმავლობაში გავასხვისო. დარჩენილი აქციები, ამა თუ იმ გზით, 2034 წლის 31 დეკემბრამდე ამ ოთხ ფონდს გადაეცემა,“ – აღნიშნა ბაფეტმა.
Forbes-ის შეფასებით, უორენ ბაფეტის ქონება ამჟამად 147 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-10 ადგილს ანიჭებს. ლეგენდარულ ინვესტორს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილი ქონების 99%-ზე მეტს საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიღებს.
2010 წელს ბაფეტმა, ბილ გეიტსსა და მის მაშინდელ მეუღლე მელინდა ფრენჩ გეიტსთან ერთად, The Giving Pledge-ი დააფუძნა – ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღების ვალდებულებას იღებენ.
ბოლო წლებში ბილ გეიტსის რეპუტაციაზე ჯეფრი ეპსტინთან მისმა კავშირებმა დიდი გავლენა მოახდინა. გეიტსმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ეპსტინთან ურთიერთობის გამო, ხოლო 2021 წელს აღნიშნული საკითხი მისი და მელინდა ფრენჩ გეიტსის განქორწინების ერთ-ერთ ფაქტორადაც სახელდებოდა. მოგვიანებით, 2024 წელს, მელინდა ფრენჩ გეიტსმა Gates Foundation-ის თანათავმჯდომარის პოზიციაც დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეპსტინის საქმის მასალებში აღმოჩენილი ელექტრონული წერილები მიუთითებდა, რომ ფინანსისტს Gates Foundation-ის თანამშრომლებთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, რის შემდეგაც ფონდმა მიმდინარე წლის აპრილში დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. ფონდის განცხადებით, გამოძიების შედეგების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიმდინარე ზაფხულს გახდება ცნობილი.









