IBM-ის აქციების ანტირეკორდი – ერთ დღეში კომპანიამ $67 მილიარდი დაკარგა

IBM-ის აქციების ანტირეკორდი – ერთ დღეში კომპანიამ $67 მილიარდი დაკარგა

ფოტო: disruptionbanking.com

IBM-ის აქციები, სამშაბათს, 14 ივლისის სავაჭრო სესიაზე 25.2%-ით გაუფასრუდა, რაც კომპანიის 115-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა. აქციების ღირებულების მკვეთრი კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არვინდ კრიშნამ, ინვესტორებს აცნობა, რომ მეორე კვარტლის შედეგები მოლოდინზე მნიშვნელოვნად უარესი აღმოჩნდა.

ვაჭრობის დასრულებისას IBM-ის აქციების ფასი დაახლოებით 217 დოლარს შეადგენდა. ამით კომპანიამ 1987 წლის „შავი ორშაბათის“ უარყოფით შედეგსაც გადააჭარბა, როდესაც IBM-ის აქციები ერთ დღეში 23%-ით იყო გაუფასურებული.

აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 67 მილიარდი დოლარით შემცირდა და 205 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

კომპანიის ხელმძღვანელის წერილის მიხედვით, IBM-მა ვერ შეძლო მომხმარებლების ხარჯვითი პრიორიტეტების სწრაფად შეცვლაზე ადაპტირება. კრიშნას განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაზრდილმა მოთხოვნამ სერვერების, მონაცემთა საცავებისა და მეხსიერების ჩიპების მიწოდება გაართულა, რის გამოც მომხმარებლებმა ტექნოლოგიური ბიუჯეტები პროგრამული უზრუნველყოფიდან AI-ინფრასტრუქტურის შეძენისკენ გადაანაწილეს.

მისივე თქმით, კომპანია მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემებს ელოდა, თუმცა ვერ გათვალა, რომ კლიენტები  პროგრამულ უზრუნველყოფაზე დანახარჯებს ამ მასშტაბით შეამცირებდნენ.

დამატებით ფაქტორად IBM-მა კომპანია Anthropic-ის მიერ წარმოდგენილი AI-მოდელი Mythos-ი დაასახელა. კრიშნას თქმით, ახალი სისტემის გამოჩენამ რამდენიმე მსხვილი გარიგება შეაფერხა, რადგან მომხმარებლები კიბერუსაფრთხოებაზე მის გავლენას აფასებდნენ. Anthropic-ის განცხადებით, მოდელს შეუძლია ჰაკერებს ისეთი სისუსტეების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელთა იდენტიფიცირებაც კომპანიებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.

„რაც რეალურად მოხდა, ჩვენს მოლოდინებზე უარესი იყო. საკმარისად სწრაფად ვერ მოვახერხეთ ადაპტირება,“ – აღნიშნა კრიშნამ ინვესტორებისთვის გაგზავნილ წერილში.

IBM-ი მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს 22 ივლისს გამოაქვეყნებს. FactSet-ის პროგნოზით, კომპანია კვარტალში 17.2 მილიარდი დოლარის შემოსავალსა და თითო აქციაზე 2.93 დოლარის მოგებას აჩვენებს, რაც წლიურად, შესაბამისად, 1.3%-იან და 3.5%-იან ზრდას გულისხმობს.

IBM-ის ბიზნესი ბოლო თვეებში AI-ინფრასტრუქტურის სწრაფმა განვითარებამ არაერთხელ დააზარალა. მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიის აქციები ასევე მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც Anthropic-მა წარადგინა AI-ინსტრუმენტი, რომელიც, კომპანიის მტკიცებით, COBOL-ის – IBM-ის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამული ეკოსისტემის – განახლებების ავტომატიზაციას შეძლებდა. მაშინ ინვესტორებში გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი AI-ინსტრუმენტები პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს ავტომატიზაციას გაუწევდა.