„ბარსელონა“ 2022/23 წლების სეზონში 1.255 მილიარდი ევროს მოცულობის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს, საიდანაც, ესპანური კლუბის ვარაუდით, მოგება 274 მილიონი ევრო იქნება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში „ბარსელონა“ დიდი ეკონომიკური სტრესის ქვეშ იყო მოქცეული, თუმცა ამ ზაფხულს მან გარკვეული ფინანსური ბერკეტები მოიპოვა, რამაც კლუბის გაძლიერების შესაძლებლობა შექმნა.
შეგახსენებთ, უკვე დასრულებული სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიელებმა მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, „სევილიის“ მცველი ჟიულ კუნდე, „ლიდსი იუნაიტედის“ გარემარბი რაფინია და თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე სხვა მოთამაშეები დაიმატეს.
კლუბის გაძლიერება სატელევიზიო უფლებების 25%-ის საინვესტიციო ფირმა Sixth Street-ისთვის მიყიდვის წყალობით გახდა შესაძლებელი, რითაც „ბარსელონამ“ 500 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვა. კომპანიასთან 25-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
„ბარსელონამ“ ასევე მიჰყიდა თავისი პროდიუსერული კომპანიის, Barca Studios-ის 24.5% ფან-ტოკენის ფირმა Socios.com-ს და ამავე მოცულობის წილი Orpheus Media-ს. კლუბმა თითოეული კომპანიისგან დაახლოებით 100 მილიონი ევრო მიიღო.
ამ გარიგებების, ასევე გულშემატკივრების სტადიონებზე დაბრუნების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2022/23 წლების სეზონისთვის კლუბის შემოსავალი და მოგება გაიზრდება. ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში „ბარსელონას“ შემოსავალმა 1.017 მილიარდი ევრო, ხოლო მოგებამ 98 მილიონი ევრო შეადგინა.